ოკუპირებულ ცხინვალში რუსული შიდა პასპორტების გაცემის პუნქტი გაიხსნა - ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
"თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში პარასკევს საზეიმო ვითარებაში რუსული შიდა პასპორტების გაცემის პუნქტი გაიხსნა.
ცერემონია ცხინვალში, ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა", - წერს გამოცემა.
მედიის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ რუსეთის ე.წ. ელჩი მარატ კულახმეტოვი, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მეთაური ძამბოლატ თედეევი და სხვა თანამდებობის პირები.
მარატ კულახმეტოვმა პუნქტის გახსნას "ორ ქვეყანას შორის ინტეგრაციისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი" უწოდა.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მიხარია სამხრეთ ოსეთის გამო. ეს ჩვენი მოკავშირეობრივი ურთიერთობების ნათელი დასტურია. ამ პუნქტის გახსნა მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ საერთო დიდი სამშობლო და საერთო დიდი ისტორია გვაქვს", - განაცხადა მან.
ცნობისთვის, გასულ კვირას რუსული შიდა პასპორტების გაცემის პუნქტი დაიხურა ოკუპირებულ აფხაზეთში. კერძოდ, ოკუპირებულ რეგიონში არსებული რუსეთის საელჩოს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული შიდა პასპორტების და მართვის მოწმობის გაცემის პუნქტებმა ოპერირება შეწყვიტეს.
პასპორტების გაცემის პუნქტები 2026 წლის იანვარში გაიხსნა, მანამდე, 2025 წელს, ოკუპირებულ აფხაზეთში ასევე ამოქმედდა რუსული მართვის მოწმობების გაცემის პუნქტები.
პასპორტების და მართვის მოწმობების გაცემის პუნქტები ემსახურებოდა ოკუპირებული რეგიონის იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდათ.




























