მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდებით „ენგურჰესმა“ თითქმის ₾50 მილიონის შემოსავალი დაკარგა

ენგურჰესი

„ენგურჰესმა“ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდებით თითქმის 50 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა, რაც ენგურჰესის 2022 წლის წლიური გამომუშავების დაახლოებით 57%-ს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფო კომპანიის შემოსავლებში დანაკლისი 49.2 მლნ ლარს აღემატებოდა, რაც 1.7-ჯერ მეტია 2021 წლის მონაცემზე, როდესაც აფხაზეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდება „ენგურჰესს“ 29 მლნ ლარი დაუჯდა. 

2022 წელს „ენგურჰესის“ შემოსავალმა 158.2 მლნ ლარი შეადგინა, 24.6 მლნ -ით მეტი 2021 წელთან შედარებით. აქედან საოპერაციო შემოსავალი 109.6 მლნ ლარი იყო, საოპერაციო ხარჯები კი, 95.4 მლნ შეადგენდა. ენგურჰესის წმინდა მოგება კი, 108.7 მლნ ლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2021 წელს ეს მაჩვენებელი 72 მლნ ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საწარმოები 2022 წელსაც 2021 წლის მსგავსად ინარჩუნებენ წმინდა მოგების მაღალ ნიშნულს. სექტორის ჯამურმა მოგებამ 2022 წელს შეადგინა 1.3 მილიარდი ლარი, რაც ისტორიული მაქსიმუმია, თუმცა  წმინდა მოგების 86%-ზე მეტი  კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებულ მოგებას უჭირავს.

„ეს ნიშნავს, რომ საწარმოთა ბოლო 2 წლის მოგება არ არის მდგრადი და ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში შესაძლოა ეს მაჩვენებელი ზარალის მიმართულებით შებრუნდეს. საწარმოებს ამ მომენტში აქვთ უნიკალური შანსი შეამცირონ სავალუტო მოწყვლადობა საგარეო სესხების საშინაო ვალით ჩანაცვლების გზით. აღნიშნულს ასევე ექნება ირიბი პოზიტიური ეფექტი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით“, - წერს ფინანსთა სამინისტრო ფისკლაური რისკების ანგარიშში, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტის თანდართულ  დოკუმენტებშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები