ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში და პირიქით, მატარებლების მოძრაობა რამდენიმე საათია შეჩერებულია. მიზეზი გაგრაში მომხდარი სტიქიური მოვლენაა. კერძოდ, ძლიერმა წვიმამ სახლები და სასტუმროები დატბორა.
ე.წ. აფხაზეთის რკინიგზაში აცხადებენ, რომ არასასურველი ამინდის გამო გაგრა-ცანდრიფშის მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია.
„მოსკოვიდან და პეტერბურგიდან სოხუმის მიმართულებით მიმავალი მატარებლები ცანდრიფშის სადგურზე გააჩერეს. სოჭი-გაგრას ტურისტული მატარებელი ვესიოლოეს სადგურზეა გაჩერებული. გაუქმდა ლასტოჩკის რეისი“, - განაცხადეს ე.წ. აფხაზეთის რკინიგზაში.
აფხაზეთში გზის გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე საათია მიმდინარეობს. როდის აღდგება მატარებლებით მოძრაობა, უცნობია.