გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირი მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე გაწევრიანების პროცესის მხარდასაჭერად მუშაობს. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
ოლაფ შოლცმა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ EU-ს იმედი და გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაცემული დაპირების შემდეგ, შემდგომი ნაბიჯებია საჭირო.
„კარგი ამბავი: ჩვენ შემდგომ პროგრესს ვაღწევთ გაფართოების პროცესში. მხარს ვუჭერ, რომ ამდენი ძალისხმევის შემდეგ, გავხსენით შემდგომი ნაბიჯები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ისევე როგორც ეს უკვე გავხადეთ შესაძლებელი მრავალი სხვა ქვეყნისთვის.
მე ასევე მჯერა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს უნდა შეეძლოთ ჩვენზე დაყრდნობა. ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაპირება 20 წელზე მეტი ხნის წინ, თესალონიკში გაიცა. ახლა შემდგომი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე პროცესების მხარდასაჭერად“, - განაცხადა კანცლერმა.
აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი დაიწყო. თავდაცვისა და გაფართოების საკითხებთან ერთად, ევროკავშირის ლიდერების მიერ განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერაა. გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული ფინანსები, პირველ რიგში, უკრაინის შეიარაღების გაძლიერებას უნდა მოხმარდეს.