მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოლეგ ტინკოვი პირველი რუსი მილიარდერია, რომელსაც ბრიტანეთმა სანქციები მოხსნა

64b934500aed7
გიორგი თოლორდავა
20.07.23 17:16
940
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ოლეგ ტინკოვი პირველი რუსი მილიარდერია, რომელსაც დიდმა ბრიტანეთმა სანქციები მოხსნა.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ტინკოვს აღარ აქვს კავშირი მის მიერ დაფუძნებულ ნეობანკ Tinkoff-თან, რომლის გაყიდვაც მას გასულ წელს მოუწია. გარდა ამისა, იგი საჯაროდ ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას და თავად რუსეთის მოქალაქეც აღარ არის. ამ მოცემულობების გათვალისწინებით, ის ოლიგარქის ტრადიციულ დეფინიციაში არ ჯდება და მის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაუქმდეს.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე, მილიარდერმა ბრიტანელმა მეწარმემ, რიჩარდ ბრანსონმა განაცხადა, რომ ოლეგ ტინკოვი მდიდარი ბიზნესმენი იყო, თუმცა ის არასოდეს ყოფილა ოლიგარქი, ამიტომაც მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიც უსაფუძვლო და უსამართლო იყო.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ტინკოვმა საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი 2006 წელს ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი ციფრული საფინანსო ორგანიზაციის - Tinkoff Bank-ის დაფუძნებით შექმნა. გასულ წელს მან Tinkoff Bank-ის სამართავი პაკეტი და კომპანიის აქციები იძულებით გაყიდა.

ინტერვიუში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მას ბანკის გაყიდვის გადაწყვეტილება საკუთარი ნებით არ მიუღია. ტინკოვის თქმით, რუსეთის მიერ დაწყებული ომის საჯაროდ გაკრიტიკების გამო, მთავრობის წარმომადგენლებმა ის სამაგალითოდ დასაჯეს და მას Tinkoff Bank-ის გაყიდვა აიძულეს, თანაც რეალურ საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით უფრო იაფად.

„ფასის განხილვის უფლება არ მომცეს. მძევალივით ვიყავი, იძულებული გავხდი იმაზე დავთანხმებულიყავი, რაც მათ შემომთავაზეს - მოლაპარაკების უფლება არ მქონდა. ზუსტ ფასს ვერ დავასახელებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ აქტივის რეალური საბაზრო ღირებულების დაახლოებით 3% გადამიხადეს, „კაპიკებში“ მომიწია ჩემი ქონების დათმობა“, - განაცხადა ოლეგ ტინკოვმა.

Tinkoff Bank-ის 35%-იანი წილის მფლობელი კომპანია Interros გახდა, რომელიც სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმირ პოტანინს ეკუთვნის.

ტინკოვის განმარტებით, ყველაფერი თებერვალში სოციალურ ქსელში გავრცელებულ საჯარო პოსტს უკავშირდება, რომელშიც მან რუსეთის მთავრობა და უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი გააკრიტიკა. მისი თქმით, პოსტის გავრცელებიდან ერთ დღეში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები Tinkoff Bank-ის ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ და დაემუქრნენ, რომ თუ ბანკი არ შეიცვლიდა სახელს და არ გაწყვეტდა მის მფლობელთან კავშირს, ის ნაციონალიზაციას დაექვემდებარებოდა და სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდოდა.

„მე არ მჯერა რუსეთის მომავლის. არ ვაპირებ ჩემი სახელი და ბრენდი დავუკავშირო იმ ქვეყანას, რომელიც მეზობლებს უმიზეზოდ თავს ესხმის“, - განაცხადა ტინკოვმა.

აღსანიშნავია, რომ ტინკოვი წლების განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა და ცდილობდა რუსეთის მთავრობისგან დისტანცირებას, მიუხედავად ამისა, ის გასულ წელს მაინც აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები