8-სართულიანი კომპლექსი 2500 კვ/მ ფართობზე შენდება და ჯამური სამშენებლო ფართი 11 ათას კვადრატულ მეტრს აღწევს.

„ამ დროისთვის შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ კომპლექსს 2023 წლის ბოლომდე, შემოდგომისთვის გავხსნით“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
მისივე თქმით, 8-სართულიან კომპლექსში ექვსი სართული საცხოვრებელ ბინებს და საზიარო სამუშაო სივრცეებს დაეთმობა, დანარჩენ ორი სართულზე კი ოლიმპიური აუზი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი მოეწყობა.
„როგორც ადგილობრივებს, ისე სტუმრებს დავახვედრებთ ისეთ აუზს, როგორიც გორს აქამდე არ ჰქონია - იქნება სპა-კომპლექსი და 25 მეტრის სიგრძის ოლიმპიური აუზი; აუზებს დაეთმობა შენობის სარდაფიც.
ასევე, კომპლექსში მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ე.წ. coworking space-ები. მოგეხსენებათ, საზიარო სამუშაო სივრცეები თბილისში ძალიან პოპულარულია და გვინდა, მსგავსი კულტურა გორშიც დავამკვიდროთ. მაგალითად, როცა გაქვს მცირე ბიზნესი და ჯერ ოფისის დაქირავების საჭიროება არ გიდგას, შეგიძლია, ე.წ. coworking space-ებში ერთი დღით ან ერთი კვირით დაიქირავო სამუშაო კუთხე, სადაც დაგხვდება პრინტერი, wi-fi და სხვა საჭირო ტექნიკა თუ ინვენტარი - მოკლედ, ყველაფრით უზრუნველყოფილი სამუშაო გარემო.
ჩვენს კომპანიას ჰქვია „ჰელსი“, რაც ნიშნავს ჯანმრთელობას და გვინდა, სახელიც გავამართლოთ და მომხმარებელს მაქსიმალურად კომფორტული და ჯანსაღი გარემო შევთავაზოთ“, - უთხრა bm.ge-ს დავით კოშორიძემ.
მისივე ინფორმაციით, კომპანია „ჰელსი“ ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსში 25 ადამიანის დასაქმებას აპირებს.
ცნობისთვის: ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, „ჰელსის“ 100%-იანი წილის მფლობელი ადგილობრივი მიხეილ ჯალაბაძეა. ის გორის მუნიციპალიტეტში სხვა ობიექტებსაც ფლობს. მათ შორისაა: შპს „ჯი არ გრუპი“, შპს „ფართი სტორი“, შპს „ვილა პარკი 2022“-ი და ა.შ.




























