სპორტსმენები, რომლებიც მთავრობის დადგენილი წესით ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებსა და საჭადრაკო ოლიმპიადებში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს მიიღებენ, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე შეძლებენ სწავლას. შესაბამისი ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში უნდა შევიდეს.
კანონის პროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოამზადა, მთავრობამ კი პარლამენტში დააინიიცირა. ავტორები საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სპორტსმენთა ხელშეწყობის მიზნით, მიზანშეწონილია, გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში უპირობოდ ჩარიცხვის უფლება გააჩნიათ და არსებულ ჩამონათვალს დაემატონ სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრები, რომლებიც გახდებიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები, ხოლო სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში - ეროვნული ნაკრები გუნდის ის წევრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ თამაშებში, პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირებში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში (ოლიმპიური თამაშები, პარალიმპიური თამაშები ან მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატების ფინალური ტურნირები) მონაწილეობის უფლებას.
მოცემული წესი სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე გავრცელდება, რომლის შესაბამისი ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ.
აქედან გამომდინარე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 31 პუნქტი ახლებური რედაქციით ჩამოყალიბდება.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმად, მისი მოქმედება გავრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონპროექტის პირველი მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირობით იქნენ ჩარიცხულნი 2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლებში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებული „მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის“ შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ 2023-2024 სასწავლო წელს სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირობით ჩარიცხულია 3 სპორტსმენი, ხოლო 2024-2025 სასწავლო წელს პირობით ჩარიცხულია 4 სპორტსმენი.
რაც შეეხება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვასა და მიღებას, კანონის პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2023-2024 სასწავლო წელს პირობით ჩარიცხულ სტუდენტებისთვის უფლება აქვთ პირობითი ჩარიცხვიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები და მათი შედეგების საფუძველზე მოიპოვონ სწავლის გაგრძელების უფლება.
„ვინაიდან, 2023-2024 სასწავლო წელს პირობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით იწურება დადგენილებით განსაზღვრული ორ წლიანი ვადა და სპორტული გრაფიკიდან გამომდინარე, მათ შეიძლება ვერ შეძლონ აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა, სპორტსმენთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია აღნიშნული ცვლილება განხორციელდეს 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებამდე და კანონპროექტი დაჩქარებული წესით უნდა განიხილონ. აღნიშნული ცვლილება მათ საშუალებას მისცემს 2025-2026 სასწავლო წელს შეფერხების გარეშე გააგრძელონ სწავლა სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
რაც შეეხება, 2024-2025 სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტებს, მათთვის 2 წლიანი ვადა იწურება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება ზაფხულში (ივლისის თვეში) და კანონპროექტით გათვალისწინებული ტურნირებიც უმეტესად სწორედ ამ პერიოდში იმართება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ სპორტსმენებსაც ჰქონდეს შეფერხების გარეშე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ცვლილებების ინიციატორები, განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი გავლენას მოახდენს იმ ფიზიკური პირების ხარჯვით ნაწილზე, ვისაც სურს ისარგებლოს აღნიშნული კანონპროექტით და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხოს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვინაიდან მათ დაფინანსებას სახელმწიფო არ უზრუნველყოფს და თავად უნდა განახორციელონ სწავლის საფასურის გადახდა (წლის განმავლობაში 2250 ლარის ოდენობით).
ამასთან, სპორტსმენები, რომლებიც ისარგებლებენ კანონპროექტით, არ მოუწევთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დადგენილი საფასურის გადახდა.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათ სურთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება, მათ ჩვეულებრივ მოუწევთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება.
უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 52-ე მუხლი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძვლებს არეგულირებს. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შეეძლოთ
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
ბ) საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
გ) პირებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.




























