ომანმა ირანს ჰორმუზის სრუტის ერთობლივი მართვის რეგიონული მექანიზმი წარუდგინა. Reuters-ის ინფორმაციით, რეგიონული მხარდაჭერის მქონე ინიციატივა, რომელიც ირანის მიერ სრუტეზე ცალმხრივი კონტროლის დაწესებას გამორიცხავს, ოფიციალურ თეირანს გასულ უქმეებზე უკვე გადაეცა.
თავად ეს პროექტი ეფუძნება მალაკის სრუტის მართვის იმ გამოცდილებას, რომელსაც ინდონეზია, მალაიზია და სინგაპური ერთობლივად ფლობენ. ახალი ინიციატივის შესაბამისად, საზღვაო გზით მოსარგებლე მხარეები სპეციალურ ფონდში ფინანსურ შენატანებს ნებაყოფლობით გაიღებენ, ეს სახსრები კი სანავიგაციო უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და სამაშველო ოპერაციების უზრუნველყოფას მოხმარდება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს ომანის მიერ წარდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიცია ჯერ არ გამოუხატავს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ჰორმუზის სრუტის რომელიმე მხარის კონტროლის ქვეშ მოქცევას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, შესაძლოა, ომანის ჩართულობამ ვითარება შეცვალოს. განმარტებისთვის, ომანი რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ მოკავშირედ და ისლამურ სამყაროში ყველაზე ნეიტრალურ მხარედ მიიჩნევა.
შეგახსენებთ, ჰორმუზის სრუტე, რომლის გარშემოც მოლაპარაკებები უკვე 5 თვეზე მეტია გრძელდება, მსოფლიო მნიშვნელობის სტრატეგიული საზღვაო დერეფანია. ამ სავაჭრო გზაზე გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის 20% გადის.




























