მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ომბუდსმენი "ბაჩიაშვილით ინსპირირებული" ფინანსური დანაშაულის კანონის გადახედვას ითხოვს

იოსელიანი

სახალხო დამცველის შეფასებით, ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც პირს ქვეყნის დატოვება ეკრძალება, სანამ დაზარალებულს მიყენებულ ზარალს არ აუნაზღაურებს, მნიშვნელოვან სამართლებრივ რისკებსა და ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხეებს შეიცავს.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას აფასებს, 2025 წელს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში, დაზარალებულის კომპენსაციის სახელწოდებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

კანონში გაიწერა ეკონომიკური დანაშაულების ჩამონათვალი, რომელთა ჩადენისთვის მსჯავრდებულს დაეკისრება დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, თუ დაზარალებული ასეთის მიღების თაობაზე წერილობით უარს არ აცხადებს.

სიტყვასიტყვითი განმარტებით, ნორმა იძლევა შესაძლებლობას, მსჯავრდებულის გარდა, დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისროს მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან/და სხვა პირს, თუ მათ ქონება მიიღეს უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად.

ომბუდსმენის შეფასებით, საკანონმდებლო დანაწესში „სხვა პირის“ ცნების შემოტანა, რომელიც თავისი არსით, ფართო და განუსაზღვრელია, საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ფუნდამენტური უფლებების არაგონივრული დარღვევის მაღალ რისკებს აჩენს.

ამას გარდა, მოქმედი ნორმა არ ითვალისწინებს სათანადო დაცვის მექანიზმებს კეთილსინდისიერი შემძენისათვის, რომელსაც მართალია, აქტივი მსჯავრდებულისაგან გადაეცა, თუმცა არ ფლობდა ინფორმაციას ქონების დანაშაულებრივი წარმოშობის შესახებ. ამგვარი მიდგომა კეთილსინდისიერი შემძენის უფლებებისა და საკუთრების კონსტიტუციური გარანტიების ხელყოფის მაღალ საფრთხეს წარმოშობს. ამასთანავე, კანონიერი და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გამიჯვნის კრიტერიუმების არარსებობა იწვევს აქტივების აღრევას, რაც კომპენსაციის აღსრულებას პირთა (მათ შორის, მსჯავრდებულის) კანონიერ საკუთრებაზეც ავრცელებს.

ცვლილებათა მეორე ტალღა შეეხო საქართველოდან გასვლის აკრძალვას. კერძოდ, გაუქმდა საქართველოდან გასვლის აკრძალვის მაქსიმალური - 16-წლიანი ვადა და გადაადგილების უფლების შეზღუდვა, გადახედვის შესაძლებლობის გარეშე, დაექვემდებარა ავტომატურ აკრძალვას, გამამტყუნებელ განაჩენში ყოველგვარი მითითების ვალდებულების გარეშე, რამაც სასამართლოს მიერ შეზღუდვის პროპორციულობისა და აუცილებლობის შეფასება შეუძლებელი გახადა. საქართველოდან
გასვლის აკრძალვა ფაქტობრივად იქცა უვადო ხასიათის ზომად, რომელიც მთლიანად
დაუკავშირდა მსჯავრდებულის მიერ ზიანის ანაზღაურებას.

"დამატებით, დანაშაულად გამოცხადდა ეკონომიკურ დანაშაულებში მსჯავრდებულის მიერ 1 თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის531 ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებლის მიღება ან გადაცემა. 532 აღნიშნული ოდენობა, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი მსჯავრდებულის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, ნორმის პრობლემურობა ასევე გამოიხატება იმაში, რომ სარგებლის მიმცემის (მესამე პირი) პასუხისგებაში მიცემის რისკი წარმოიქმნება იმ პირობებშიც, როცა ეს პირი, შესაძლოა, არ მოქმედებდეს წინასწარი შეცნობით, რომ ეკონომიკურ დანაშაულში მსჯავრდებულ პირს ეხმარება.

იმის გამო, რომ ნორმები ატარებს ავტომატურ და ბლანკეტურ ხასიათს, არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ გარემოებებს, შეუძლებელს ხდის ეფექტიან სასამართლო კონტროლს, აუცილებელია გადაიხედოს და მოხდეს მათი ჰარმონიზება კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან", - წერია სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში.

გასული წლის სექტემბერში მთავრობამ ეკონომიკურ დანაშაულზე კანონი უფრო გაამკაცრა. კერძოდ, ფინანსურ დანაშაულზე გასამართლებულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ. შეზღუდვა ძალაში იქამდე იქნება, ვიდრე დამნაშავედ ცნობილი მოქალაქე თანხას სრულად არ გადაიხდის ან დაზარალებულისგან შესაბამის ნებართვას არ მიიღებს.

ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებული კანონპროექტიდან, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 78 ხმით მიიღო, სასჯელის მოხდის შემდეგ 16 წლიანი შეზღუდვა ქვეყნის დატოვებაზე გაუქმდა. ამას გარდა, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა ეკრძალება არა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, არამედ შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერით.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა წინასწარ თქვეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ინსპირაციით იქნა მიღებული.

მიმდინარე წლის 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ბაჩიაშვილმა საპატიმრო დატოვა. პროკურატურის ინფორმაციით, მან სრულიად აღიარა ყველა დანაშაული, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აანაზღაურა ზიანი, რის შემდეგაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები