მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომბუდსმენი სამართალდამცველებს მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტებზე მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს - განცხადება

ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველთა აპარატი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ომბუდსმენი სამართალდამცველებს მოქალაქეებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებზე მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების დისკრედიტაციის მცდელობა ძალადობის წახალისების საფრთხეს შეიცავს.

"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო პერიოდში მოქალაქეთა, მათ შორის, უფლებადამცველთა წინააღმდეგ გახშირებული თავდასხმების ფაქტებს. დღეს, 11 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე ფიზიკური თავდასხმის შესახებ.

საგანგაშოა მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, მით უფრო თუ თავდასხმის მიზეზი პროფესიულ საქმიანობას ან/და გამოთქმულ აზრს უკავშირდება. აუცილებელია თითოეულ ძალადობრივ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი, რათა ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე და საზოგადოებაში არ წახალისდეს მსგავსი ქმედებები.

სახალხო დამცველი აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან სამოქალაქო სექტორისა და უფლებადამცველთა წინააღმდეგ გაკეთებული მადისკრედიტებელი განცხადებები მათთვის კიდევ უფრო დამაშინებელ გარემოს ქმნის და ქვეყანაში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, მათ წინააღმდეგ ძალადობის წახალისების არსებით საფრთხეებს შეიცავს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს - მოახდინონ მყისიერი რეაგირება მოქალაქეებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებზე და განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს უცნობი პირები სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ბერძენიშვილი Facebook გვერდზე წერს, თავდასხმის შედეგად საჭირო გახდა ცხვირის ოპერაციის ჩატარებაც.

ბერძენიშვილზე თავდასხმამდე ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა facebook "პოსტი" გამოაქვეყნა, რომელშიც იგი აცხადებდა, რომ მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები სალომე ნიკოლაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი "ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები