მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომიკრონის პიკის გადავლა მთავრობის არცერთ ნაბიჯს არ უკავშირდება - მირზიკაშვილი

62284bc16bdf3
ინგა მურუსიძე
10.03.22 09:45
872
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1-ელი მარტიდან ქვეყანაში PCR-ტესტი უფასოდ აღარ ტარდება, არც ექიმის მიმართვით და არც მის გარეშე; რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, როგორც სამინისტროში განმარტავენ, მოქალაქეებს შეუძლიათ, თვითდინებით მივიდნენ შესაბამის ცენტრებში და სწრაფი ტესტები ჩაიტარონ. ამასთან, ბოლო კვირების განმავლობაში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი იკლებს.

ოფიციალური სტატისტიკა ნიშნავს თუ არა "ომიკრონის" ტალღას დასრულებას ქვეყანაში თუ შესაძლოა, ინფიცირების კლებადი ტენდენცია ტესტირების წესის შეცვლითაც აიხსნას - ამ კითხვით BMG-მ ნინო მირზიკაშვილს მიმართა.

ჯანდაცვის სპეციალისტი უფასო PCR-ტესტირების გაუქმებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, რისკ-ჯგუფების უფასო კვლევა მარტ-აპრილში მაინც გაგრძელებულიყო, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ „ომიკრონის“ ტალღის პიკი ნამდვილად გადავლილია.

"ინფიცირების მაჩვენებელმა ნამდვილად მოიკლო; გარდა ტესტირებისა, ამას აჩვენებს სხვა პარამეტრებიც - რეპროდუქციის მაჩვენებელი, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი და ა.შ. მარტივადაც რომ დავაკვირდეთ, თებერვალში ჩვენს ირგვლივ ყოველი მეორე ავადობდა და ახლა ასე აღარ არის, თუმცა ეს მთავრობის მიერ გადადგმულ არცერთ ნაბიჯს არ უკავშირდება; ასე მოხდა ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაშიც. ვირუსს ასეთი მიმდინარეობა აქვს - მაქსიმალური გავრცელება და დაღმართი, თორემ საქართველოში პროცესი პრაქტიკულად მიშვებულია; ეს ომიკრონამდეც ასე იყო და დღევანდელი პრემიერის პერიოდში კი - მით უმეტეს. ვერ ვიტყვით, რომ რამე განსაკუთრებული ხდება. მთავრობის უმოქმედობას ახლა ვერ გავუსვამთ ხაზს, აქამდეც ასე იყო და ეს ეტყობა ვაქცინაციასაც;

ივნისის ბოლოსთვის ქვეყანამ სრული მოსახლეობის 70% უნდა აცრას, რაც ალბათ საეჭვოა. მიშვებულია სიტუაცია; ვართ კეთილგონიერების და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის იმედზე“, - განაცხადა ნინო მირზიკაშვილმა და დასძინა, რომ ყველაფრის მიუხედავად, დამშვიდების საფუძველი ჯერ არ გვაქვს, რადგან პანდემია არ დასრულებულა.

ამასთან, ჯანდაცვის სპეციალისტის აზრით, გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება უკვე არაფრის მომცემია, თან იმის გათვალისწინებით, რომ ამ რეგულაციას მხოლოდ რამდენიმე კანონმორჩილი მოქალაქე იცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები