უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ 3 კვირა გავიდა. 21 დღის განმავლობაში რუსული სამხედრო დანაყოფები დიდ ქალაქებთან კრიტიკულად საჭირო ინფრასტრუქტურას და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს ესხმოდნენ თავს და ავიაიერიშებით საცხოვრებელ კორპუსებს, ბავშვთა სახლებს, საავადმყოფოებს და ადმინისტრაციულ შენობებს არბევდნენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში უკრაინელი სამხედრო დანაყოფები მტრის შეტევებს ჰაერსა თუ ხმელეთზე მედგრად იგერიებდნენ.
17 მარტს რუსეთ-უკრაინის ომის მე-4 კვირა დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო მოქმედებების 22-ე დღისთვის რუსი დამპყრობლები სამხედრო დანაყოფებისა და ძალების მომარაგების კომპლექტაციაში დიდ პრობლემებს განიცდიან.
ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, 06:00 საათისთვის უკრაინის თავდაცვის ძალების მდგომარეობა და განლაგება არსებითად არ შეცვლილა. უკრაინის შეიარაღებული ძალები მტრის სამხედრო დაჯგუფებებზე, რომლებიც დაკავებული საზღვრების შენარჩუნებასა და გამაგრებას ცდილობს, დამანგრეველი დარტყმების განხორციელებას აგრძელებდნენ.
გენშტაბში აღნიშნავენ, რომ ერთ დღე-ღამეში უკრაინის დამცველებმა რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთის 35-ე საჯარისო ოლქის სამეთაურო პოსტი და დამხმარე დანაყოფები გაანადგურეს.
გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო რაკეტების და სახმელეთო ძალების საჰაერო თავდაცვის უნარების მეშვეობით მოწინააღმდეგის 10 საჰაერო სამიზნეა განადგურებული: 2 გამანადგურებელი ბომბდამშენი Су-34, 3 გამანადგურებელი Су-34СМ, 3 ვერტმფრენი და ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები.
მტერი სახმელეთო ოპერაციის განხორციელების გეგმას ჩამორჩება და უკრაინის ქალაქებში ინფრასტრუქტურასა და მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებს.
რუსი დამპყრობლები ვერაგულად მოქმედებენ საინფორმაციო სფეროში - კიბერშეტევები, სატელევიზიო და რადიო სიგნალების მოწყობილობებს ანადგურებენ, უკრაინის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის მიზნით მასობრივ საინფორმაციო კამპანიას აგრძელებენ.
იმავე დროს, მოწინააღმდეგე თავის მოსახლეობაში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას აქტიურად აგრძელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აღნიშნავენ, რომ რუსული ჯარები დიდ დანაკარგს განიცდიან. დიდი პრობლემები სამხედრო დანაყოფების კომპლექტაციის ნაწილში ექმნებათ. „მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა დემორალიზებულია, რაც დეზერტირების რაოდენობის ზრდას და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროების მიერ ომში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველი ხდება“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინელების მიერ ჩამოგდებული რაკეტის ნაწილებმა კიევში, დარნიცის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის დაანგრია.




























