მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები აქვს უკრაინის ომს კლიმატურ კრიზისზე? - კვლევა

648093e48cc5b
სალომე ხიდურელი
07.06.23 18:31
1449
უკრაინაში მიმდინარე ომი იმის ფონზე, რომ, სათბურის აირების ემისიები მსოფლიოს მასშტაბით რეკორდულად მაღალია, კლიმატურ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს.

ანგარიში, რომელიც გაეროს კლიმატის სამიტზე მიმდინარე კვირას უნდა გასაჯაროვდეს, საომარი კონფლიქტის პირველ 12 თვეს განიხილავს. ჩატარებული კვლევის თანახმად, ომმა სასათბურე აირების 120 მილიონი ტონით ზრდა გამოიწვია, რაც დაახლოებით ის რაოდენობაა, რასაც, მაგალითად, ბელგიის ზომის ქვეყანა წლის განმავლობაში გამოყოფს.

მკვლევართა გუნდმა, რომელსაც სათავეში ჰოლანდიელი ექსპერტი ლენარდ დე კლერკი ედგა, ემისიების ზრდის ისეთი მიზეზები განიხილა, როგორებიცაა ტექნიკის სამართავად საჭირო საწვავი, გაჩენილი ხანძრები, ევროპის მასშტაბით ენერგიის მოხმარების ცვლილებები და სამომავლო გეგმები ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

ანგარიშის თანახმად, ემისიების ნახევარზე მეტი სწორედ ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების დროს გამოიყოფა. 19% კი უშუალოდ საომარი მოქმედებების, საწვავის დაწვის, საბრძოლო მასალის შექმნა/გამოყენებისა და საომარი ბაზების კონსტრუქციისას გამოიყოფა. ემისიების საერთო რაოდენობაში შედის მიმდინარე ომთან დაკავშირებული უკრაინის საზღვრებს გარეთ მომხდარი პროცესებიც, როგორიცაა ლტოლვილთა ტრანსპორტირება, საერთაშორისო ფრენები და “ნორდ სტრიმის” მილთა სისტემებზე განხორციელებული საბოტაჟი.

“არ ველოდით, რომ ომი ნახშირბადის ემისიებს ასე შესამჩნევად გაზრდიდა. ეს არ მოიცავს მხოლოდ უშუალოდ ომს, არამედ მომავალ რეკონსტრუქციებს, რაც განადგურებულ ინფრასტრუქტურას დასჭირდება. კონფლიქტებისა და სამხედრო ემისიები ჩვენი ყურადღების მიღმა ხშირად რჩება.

ჩვენი მიზანია, რომ ემისიების წმინდა ნულოვან ნიშნულს 2050 წლისთვის მივაღწიოთ. ეს ეხება არმიასაც, მაგრამ თუ არ იცი რა არის სამხედრო ემისია, ძალიან ძნელია, მის შესამცირებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა”, - განაცხადა კლერკმა Reuters-თან ინტერვიუში.

კვლევა “Climate Damage Caused By Russia’s War in Ukraine” [რუსეთის ომის მიერ გამოწვეული კლიმატური ზიანი”] ევროპის კლიმატის ფონდისა და უკრაინის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ინიციატივითა და დაფინანსებით ჩატარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები