მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ლიდერების დაპირებების მიუხედავად, 2022 წელს დეფორესტიზაცია გაიზარდა - კვლევა

649c385e44688
სალომე ხიდურელი
02.07.23 22:15
739
ახალი კვლევის თანახმად, 2022 წელს დაახლოებით შვეიცარიის ზომის ტროპიკული ტყე მასობრივად გაიჩეხა, ხეების რაოდენობა კი შემცირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ლიდერების მიერ COP26-ზე (2021 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია) დადებული პირობა დეფორესტიზაციის, ანუ გაუტყეურების, დასრულების შესახებ არ შესრულდა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. 

კვლევის თანახმად, 2022 წლის ყოველ ერთ წუთში 11 ფეხბურთის მოედნის ხელა ტყის ტერიტორია იჩეხებოდა, რომლის უდიდესი წილიც ბრაზილიაზე მოდის.

ამის მიუხედავად, ინდონეზიაში ტყის მასების ჩეხვის მკვეთრი შემცირება ცხადყოფს, რომ ეს ტენდენცია მიღწევადი და რეალისტურია.

COP26-ის ერთ-ერთი მთავარი მომენტი სწორედ მსოფლიოს 100-ზე მეტი ლიდერის მიერ “გლაზგოს დეკლარაციაზე” ხელმოწერა იყო, რაც დეფორესტიზაციის წინააღმდეგ კოლექტიურ ბრძოლას და 2030 წლისთვის მის სრულად აღმოფხვრას ითვალისწინებდა. საერთო ჯამში, დეკლარაციას დედამიწის ტყეების 85%-ის მფლობელმა ქვეყნებმა მოაწერეს ხელი. აღსანიშნია, რომ “გლაზგოს დეკლარაციის” შეთანხმება მას შემდეგ დაიდო, რაც 2014 წლის ანალოგიურმა პაქტმა შედეგი ვერ გამოიღო.

Global Forest Watch-ის კვლევა ცხადყოფს, რომ გლაზგოში დადებული პირობა არ სრულდება. ტროპიკული ტყეების გაჩეხა კრიტიკულად აფერხებს ბიო-მრავალფეროვნებასა და ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. ტყეები ბრაზილიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ინდონეზიაში სათბურის აირების ემისიების უდიდეს რაოდენობას შთანთქავს, მათი გაჩეხვით კი ნახშირბადი ატმოსფეროში იფრქვევა და მსოფლიოს მასშტაბით ტემპერატურას ზრდის.

მერილენდის უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით, 2022 წელს 2021-თან შედარებით ტროპიკული ტყეების ჩეხა 10%-ით, უფრო ზუსტად კი 4 მილიონი ჰექტრით გაიზარდა, რამაც დაახლოებით იგივე რაოდენობის ნახშირბადი გაავრცელა ატმოსფეროში, რა რაოდენობის წიაღისეული საწვავის ემისიებსაც ინდოეთი ერთი წლის განმავლობაში გამოყოფს.

როგორც მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის წარმომადგენელი როდ ტეილორი განმარტავს, ამ ტენდენციით დეფორესტიზაციის პრობლემის 2030 წლისთვის აღმოფხვრა შეუძლებელია. მისი თქმით, Global Forest Watch-ის ანალიზმა აჩვენა, რომ გლობალური დეფორესტიზაცია 1 მილიონი ჰექტრით აღემატებოდა დასაშვებ დონეს იმისათვის, რომ ტყეების გაჩეხა 2030 წელს ნულოვან მაჩვენებლამდე დავიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები