მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ომის 26-ე დღე: რუსმა დამპყრობლებმა პილოტირებული ავიაციის გამოყენება შეამცირეს

62382c51c6053
ვიქტორია მღებრიშვილი
21.03.22 12:00
570
რუსმა დამპყრობლებმა პილოტირებული ავიაციის გამოყენება შეამცირეს - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის 26-ე დღის დასაწყისისთვის, ქვეყნის თავდაცვის ძალებს გასული დღე-ღამის განმავლობაში არსებითი ცვლილება არ განუცდიათ.

უკრაინის შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სხვა დანაყოფები აგრძელებენ იერიშებს მტრის დაჯგუფებებზე, რომელიც დაკავებული საზღვრების დაცვას ცდილობენ.

ამავე დროს, ფიქსირდება პილოტირებული ავიაციის გამოყენების ინტენსივობის კლება. მიყენებული სარაკეტო თავდასხმების შესაფასებლად მოწინააღმდეგე ოპერატიულ-ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საჰაერო ძალების დანაყოფებმა მტრის 7 სამიზნე გაანადგურეს - ერთი თვითმფრინავი, 4 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ფრთოსანი რაკეტა. შემტევი ავიაცია დამანგრეველ დარტყმებს აყენებდა რუსული ჯარების შეჯგუფებულ ტექნიკასა და ცოცხალ ძალაზე.

გენშტაბის ცნობით, რუსული სამხედროები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის ტერორს და მოროდიორობას აგრძელებენ. რუსეთის ფედერაციაში მტერს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავტომობილები და სხვა მატერიალური რესურსი გააქვს. ამავე დროს, ფიქსირდება რუსული ჯარების მიერ სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების განთავსება სამოქალაქო ინფრასტრუქტურაში.

„დამპყრობლები დროებით ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში მოსახლეობის იძულებითი მობილიზაციის ზომებს მიმართავენ. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, საბიუჯეტო ორგანიზაციები გაფრთხილებულები არიან 1 აპრილამდე 18-დან 60 წლამდე მამაკაცების პოლიციაში აუცილებელი გამოცხადების შესახებ, სადაც რეგისტრაცია უნდა გაიარონ. რეგისტრაციის მიზეზებს ოკუპანტები არ განმარტავენ, თუმცა გენშტაბის ინფორმაციით, ეს მობილიზაცია 2 სამხედრო ნაწილის კორპუსის შევსების მიზნით ხორციელდება, რათა შემდეგ სამხედრო მოქმედებების ადგილზე იყვნენ გადაყვანილი.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაცვის სხვა ნაწილებთან ერთად დამპყრობელს ყველა მიმართულებით საკადრისად პასუხობს. ასევე მიმდინარეობს მოწინააღმდეგის მომმარაგებელი კოლონების განადგურება“, - აცხადებენ გენშტაბში.

ცნობისთვის: რუსეთ-უკრაინის ომი 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, რის შემდეგაც უკრაინაში საომარი მდგომარეობა 26 მარტამდე გამოცხადდა, გუშინ საომარი მდგომარეობის ვადა 26 მარტიდან კიდევ 30 დღით გახანგრძლივდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები