მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ომის 37-ე დღე: "რუსული ჯარები კიევის ოლქიდან ნაწილობრივ გადიან და ნაქურდალი ქონება მიაქვთ"

6246a0aa4324b
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.22 11:20
1375
რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის 37-ე დღე დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი გასული დღე-ღამის განმავლობაში მომხდარი და ამ პერიოდისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსული ჯარები კიევის ოლქის ჩრდილოეთის ნაწილიდან ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის მხარისკენ ნაწილობრივ გადიან და დამპყრობლებს ნაქურდალი ნივთები თან მიაქვთ.

„ფიქსირდება სხვადასხვა რაოდენობის შერეული ტექნიკის კოლონების გადაადგილება. მათ შემადგენლობაში სამოქალაქო სატრანსპორტო საშუალებებიცაა - სატვირთოები, ავტობუსები, მიკროავტობუსები, მსუბუქი ავტომობილები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ტერიტორიების დაკავების პერიოდში გაიტაცეს. გარდა ამისა, მოწინააღმდეგე ნადავლი ქონების გატანას ახორციელებს“, - ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მტერი დროებით დაკავებულ ტერიტორიაზე უკანონო ქმედებების განხორციელებას აგრძელებს. კერძოდ, მოსახლეობის გადაადგილებას ზღუდავს, ადგილობრივი მცხოვრებლების სახლებსა და ბინებს პირადი შემადგენლობის განთავსებისთვის იყენებს და ადგილობრივებსა და აქტივისტებს ტყვეობაში ამყოფებს. მაროდიორობა და უკრაინის მოქალაქეებზე ძალადობა გრძელდება.

მტრის მიერ დროებით დაკავებულ ცალკეულ რაიონებში დამპყრობლები ცდილობენ ბიზნესმენებს რუბლში ანგარიშსწორება აიძულონ.
„დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინის გაერთიანებული ძალების დაჯგუფებებმა დღე-ღამის განმავლობაში მტრის 7 შეტევა მოიგერიეს. ჩვენმა მებრძოლებმა 3 ტანკი, 2 ჯავშანტრანსპორტიორი, 2 საავტომობილო ტექნიკა და 2 საარტილერიო სისტემა, ასევე 1 უპილოტო აპარატი გაანადგურეს“, - აღნიშნავენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დასახული მიზნების შესრულებას წარმატებით ახორციელებენ, უკანდახეულ მტერს მისდევენ, რუსი დამპყრობლების თავდაცვის პოზიციებს არღვევენ და უკრაინულ მიწებს თანდათანობით ათავისუფლებენ.

უკრაინული გამოცემა Ukrinform-ის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში, 11 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამ ტერიტორიას უკრაინა სრულად აკონტროლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები