რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლოდინში და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართულებით გარკვეული პროგრესის ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე უკრაინული სუვერენული ობლიგაციების ღირებულება იზრდება, რადგან ქვეყანასთან მიმართებით ინვესტორების განწყობა გაუმჯობესებულია.
ამჟამად უკრაინული ობლიგაციების წლიური სარგებელი 7.8%-ს შეადგენს, რაც განვითარებად ბაზრებზე დაფიქსირებული ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია, რაც მაღალი რისკის პრემიით არის განპირობებული.
როგორც ცნობილია, მომავალ კვირას, გერმანიაში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის მთავრობა სამშვიდობო გეგმას წარმოადგენს, რომელიც ორივე მხარის ინტერესებზე იქნება მორგებული, თუმცა უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიებს და შეღავათიან პირობებს მოიცავს.
თუკი მხარეებს შორის შეთანხმება შედგება, ეს უკრაინული ობლიგაციების მფლობელებზე პოზიტიურად აისახება, რადგან მათი აქტივების ღირებულება გაიზრდება.




























