თანამდებობიდან წასვლის წინ, აწ უკვე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ანდერძი დატოვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ომის ერთი დღე უკრაინის ბიუჯეტს საშუალოდ 100 მილიონი დოლარი უჯდება. აქამდე ომის რეალურ დანახარჯებთან დაკავშირებით უკრაინის მხრიდან ოფიციალური ცნობები არ ვრცელდებოდა და ეს ფაქტობრივად პირველ შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც ხარჯებზე თავად მინისტრი საუბრობს.
მოგეხსენებათ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 556 დღეა გასული, ანუ, საერთო ჯამში, უკრაინის თავდაცვაზე დაახლოებით 50 მილიარდი დოლარია დახარჯული. როგორც რეზნიკოვი თავად ამბობს, ის ამ თანხის განკარგვაზე იყო პასუხისმგებელი, პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი 48 საათის წინ ეს ადამიანი თანამდებობიდან გადააყენა. გაგანია ომში თავდაცვის მინისტრის შეცვლა ნამდვილად უცნაურია და ისტორიაში ასეთი პრეცედენტები იშვიათად თუ მოიძებნება, თუმცა რეზნიკოვის შეცვლას ნამდვილად აქვს ლოგიკური ახსნა.
როგორც იცით, ომში დახარჯული 50 მილიარდი დოლარი რეალურად უკრაინის ფული არ არის, ეს მოკავშირე სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაღებული რესურსებია. ცხადია, დონორები დახმარებას უსასრულოდ არ გასცემენ და მათ პერიოდულად სჭირდებათ იმაში დარწმუნება, რომ გაღებული ფინანსები მიზნობრივად იხარჯება, ანუ ფული ქვეყნის თავდაცვას ხმარდება და არც მის კორუმპირებულ ელიტას.
სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ უკრაინას გამჭვირვალობასა და კორუფციასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. მართალია, ანტიკორუფციული სამსახური აქტიურად ცდილობს ქრთამის აღებაში და სახელმწიფო ქონების მიტაცებაში ბრალდებული ჩინოვნიკების მხილებას, თუმცა ანტიკორუფციული სამსახურის უფლებამოსილება თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებით შეზღუდულია, დასავლეთის მიერ გამოგზავნილი დახმარების უდიდესი ნაწილი კი თავს სწორედ ამ სამინისტროში იყრის.
დასავლელი პოლიტიკოსები უკვე თვეებია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კორუფციაში და ფინანსური რესურსების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. მართალია, მათ თითი პირდაპირ რეზნიკოვის მიმართ არ გაუშვერიათ, თუმცა სწორედ ის იყო პირი, ვისაც პასუხი უნდა ეგო თანხების მიზნობრივ განკარგვაზე და სამინისტროს მაღალჩინოსნების გაკონტროლებაზე.
როგორც რეზნიკოვი ამბობს, ის თანამდებობიდან იმიტომ მიდის, რომ ქვეყანა თავდაცვის ახალ სტრატეგიაზე გადადის, თუმცა რეალურად მისი განთავისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავდაცვის სამინისტროში არსებული კორუფციაა. უწყების ხარჯებიდან ჩანს, რომ პროდუქციის შესყიდვაზე ხშირად ხუთჯერ უფრო მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე ეს რეალურად საჭიროა, ასეთ მოცემულობას კი დონორები დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეეგუებიან.
მიმდინარე კვირას თავდაცვის მინისტრის პოსტზე რუსტემ უმეროვი დაინიშნა, რომელიც სახელმწიფო ქონების მართვის ფონდის ხელმძღვანელია. ეს ადამიანი დასავლელ პარტნიორებთან კარგი რეპუტაციით სარგებლობს და მის მიმართ დონორებს შეურყეველი ნდობა აქვთ, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ის კორუფციასთან არ არის დაკავშირებული და ის მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა.
გარდა იმისა, რომ უმეროვი დონორების გულს ახარებს, მას კიდევ ერთი უპირატესობაც აქვს, ეს მისი წარმოშობა და საახლობლო წრეა. უმეროვი ყირიმელი თათარია, რომელსაც მუსლიმანურ სამყაროსთან მოლაპარაკებების წარმოების საოცარი უნარები გამოარჩევს. ის მთავრობაში ერთ-ერთ იმ პირთაგანია, რომელსაც პირადი ურთიერთობა აქვს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან. გარდა ამისა, მას გავლენები აქვს აღმოსავლურ და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში, საიდანაც უკრაინა დახმარების მიღებას აქტიურად ცდილობს, სწორედ ამის გამო უმეროვი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის იდეალურ ბალანსს წარმოადგენს და ამიტომაც ზელენსკიმ არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერა.