უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი თანამდებობიდან გადააყენა, რეზნიკოვი თავდაცვის უწყებას 2022 წლის თებერვლის შემდეგ ხელმძღვანელობდა, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
თავის მიმართვაში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროში „ახალი მიდგომების“ დროა.
რეზნიკოვის შემცვლელად უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს რეზნიკოვს დიდ ბრიტანეთში ელჩად გზავნიან, სადაც მას წამყვან პოლიტიკოსებთან კარგი კავშირები აქვს.
57 წლის რეზნიკოვი ცნობილი ფიგურა ომის დაწყების შემდეგ გახდა. ის საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკოსია, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებს რეგულარულად ესწრებოდა, ის ასევე წამყვან როლს ასრულებდა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიღების ლობირების კუთხით.