საქართველოში წელს ატმის მოსავლიანობა შემცირდა. უხვი ნალექის და ძლიერი სეტყვის შედეგად ფერმერების უმრავლესობას ბაღების დიდი ნაწილი დაუზიანდა, რამაც როგორც მოსავლის რაოდენობაზე, ისე მის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე იქონია გავლენა. დაბალი ხარისხობრივი პარამეტრების გათვალისწინებით გართულებულია ექსპორტიც.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ წლევანდელი კლიმატური პირობები - გვიანი გაზაფხული, ხშირი წვიმები და სეტყვა - გადამწყვეტი აღმოჩნდა მოსავლის ხარისხისთვის. დაზიანებულმა ნაყოფმა ვერ დააკმაყოფილა საექსპორტო სტანდარტები, რამაც ფერმერებს რეალიზაციის პრობლემა შეუქმნა. იქიდან გამომდინარე, რომ ატმის ძირითადი გასაღების ბაზარი რუსეთია, ომის ფონზე რუსეთში შექმნილი კრიზისული ვითარების და მსყიდვეუნარიანობის შემცირების გათვალისწინებით, “ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის თქმით, მოთხოვნა ქართულ ატამზე შემცირდა. ვახტანგ ბეჟიტაშვილის განცხადებით, გაჩნდა ლოგისტიკური სირთულეებიც, გაძვირდა ტრანსპორტირება და საწვავი, რაც ოკუპანტ ქვეყანაში ექსპორტს აფერხებს.
“წლევანდელი კლიმატური პირობები საკმაოდ რთული იყო, გაზაფხული გვიან შემოვიდა, ამას დაემატა საკმაოდ წვიმიანი ამინდები, სეტყვაც იყო საკმაოდ დიდი მოცულობით, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ფერმერებს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომ მოსავლის ხარისხი და რაოდენობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს საექსპორტო მოცულობებისთვის.
ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ბაზრების დივერსიფიკაცია, რადგანაც რუსეთის მიმართულებით გაგზავნა ამ ეტაპზე უკვე საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული იმ კუთხით, რომ რეალიზაცია უკვე ჭირს მთელი რიგი მიმართულებებით, განსაკუთრებით ეს იგრძნობა მოსკოვში, სადაც ძირითადი გასაღების ადგილი იყო. ამჟამად [ქართული ატამი] იყიდება მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა ქალაქებში და უფრო ახლო ადგილებში, რომელიც უფრო ადვილად მისადგომია და ლოჯისტიკურადაც შედარებით იაფია. შესაბამისად, რუსულ ბაზარზეც არ არის კარგი სიტუაცია და ექსპორტიორებს საკმაოდ რთული პერიოდი დაუდგათ ამ კუთხით.
ლოგისტიკური პრობლემებს ემატება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის დაქვეითებაც. ეგზოტიკურ ხილზეც და რაღაც ფუფუნების საგნებზე მოთხოვნა რუსულ ბაზარზე ნამდვილად აღარ არის. შესაბამისად, ისეთ თანხებს, როგორც ადრე წინა წლებში იხდიდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ახლა ასეთი ხარჯვის და მსყიდველუნარიანობის შესაძლებლობა მათ ნამდვილად აღარ გააჩნიათ.
მათი ეკონომიკა რეგრესირებს და სახეზეც არის უკვე შედეგი და გამომდინარე იქიდან, რომ მათ უკვე აღარ გააჩნიათ ისეთი მსყიდველუნარიანობა, შესაბამისად პროდუქციასაც ვერ ყიდულობენ იმ რაოდენობით და იმ ფასად. აქედან გამომდინარე ჩვენი პროდუქციაც ვეღარ იყიდება”,-აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, თუ 2025 წლის 6 თვეში ექსპორტზე 3,8 მილიონი დოლარის ღირებულების ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, წელს ეს მაჩვენებელი 74,5%-ით, 973 ათას დოლარამდე შემცირდა.
ატმის ექსპორტი [ნექტარინების ჩათვლით]: (2025-26, იანვარ-ივნისი)
2025 წელი: $3,8 მლნ, 3 151 ტონა
2026 წელი: $972.8 ათასი, 802 ტონა
ატმის ექსპორტის როგორც მოცულობის, ისე ღირებულების შემცირება ძირითადად რუსეთში ექსპორტის კლებით არის გამოწვეული, რომელიც ატმის მთავარი გასაღების ბაზარია.
მიმდინარე წლის 6 თვის მდგომარეობით, რუსეთში ექსპორტირებულია 582 ათასი დოლარის ღირებულების, 433 ტონა ატამი და ვაშლატამა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 3,6 მილიონ დოლარს [583 ტონა] შეადგენდა. რუსეთის გარდა, წელს ატმის საექსპორტო პარტიის გარკვეული ნაწილი გავიდა სომხეთშიც.
ატმის/ნექტარინების ექსპორტიორი ქვეყნები: (2026, იანვარ-ივნისი)
რუსეთი - $582 ათასი, 433 ტონა
სომხეთი - $390 ათასი, 367 ტონა
“ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ რუსეთი არასტაბილური და ოკუპანტი პარტნიორია, რომელიც ბაზარს ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ერთადერთ გამოსავალი ბაზრების დივერსიფიკაცია და ევროპული ბაზრის ათვისებაა, თუმცა ქართველ ფერმერებს მაღალი ხარისხის პროდუქტის სტაბილური მიწოდების პრობლემა აქვთ.
"ჩვენს კომპანიას ჰქონდა კარგი მაგალითი რამდენიმე წლის წინ, როცა დაახლოებით ოთხი წლის წინ ევროპაში მოვახდინეთ ვაშლატამას და ატმის ექსპორტი. ეს იყო პირველი მაგალითი და საკმაოდ კარგად დასრულდა ეს ოპერაცია, თუმცა შემდგომში გაგრძელება ვერ მოჰყვა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ იმ ხარისხის და იმ რაოდენობის პროდუქცია გრძელვადიან უწყვეტ ჯაჭვში ვერ შევთავაზეთ ჩვენს პარტნიორებს და შესაბამისად, სამწუხაროდ ვეღარ შედგა შემდგომი ოპერაციები. ამ კუთხით სამუშაო აქვს როგორც კერძო სექტორს, ისე სახელმწიფოს, რომ აუცილებლად მოხდეს ბაზრების დივერსიფიკაცია, თუ რა პრობლემებია ამის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, რა კუთხით უნდა იმუშაოს ბიზნესმა და სად არის სახელმწიფოს ჩართულობა საჭირო, რაში უნდა მიეხმაროს ბიზნესს და მხოლოდ ამის შედეგად მოხდება ეს დივერსიფიკაცია, თორემ თავისით რომ რაღაცა დალაგდეს, ვფიქრობ, ეს ურთულესი საკითხია და ამაზე საკმაოდ მოცულობითი სამუშაოა გასატარებელი",-აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.



























