უკრაინული მედია უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით 24 თებერვლიდან 6 მარტამდე პერიოდში რუსეთის საბრძოლო დანაკარგებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. გენშტაბი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ბრძოლებში არიან ჩართული კონკრეტული "საზღვრების" შესანარჩუნებლად. ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსულ ჯარს გარკვეული დანაკარგები აქვს.
„თავდაცვითი ძალები ოპერაციებს უკრაინის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ზონებში ახორციელებენ, რათა მოწინააღმდეგე შეიარაღებული ძალების ჯგუფების შეტევა მოიგერიონ და მას მაქსიმალური დანაკარგი მიაყენონ. შედეგად, ჩვენს ტერიტორიებზე მათი ღრმა შემოჭრა თავიდან იქნას აცილებული, სახელმწიფოს ტერიტორიები კონტროლქვეშ იყოს და მათი დამარცხებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნას, ასევე მოგერიებულ იქნას მტრის საჰაერო თავდასხმები. მოხდეს დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა“, - ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.
უკრაინული დაჯგუფება დონეცკის აღმოსავლეთ ნაწილში თავდაცვით ოპერაციას ახორციელებს. ძირითადი ძალისხმევა ქალაქ მარიუპოლის დაცვასა და მტრის ძალებისთვის ზარალის მიყენებაზეა მიმართული. სხვა ჯგუფები კი თავდაცვით ოპერაციას სლობოჟანსკის და ტაურიდის მიმართულებით აღმოსავლეთ ნაწილებში ახორციელებენ.
"კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების დივიზიონებმა მტრის კოლონები შეაჩერეს, რომლებიც წინსვლას დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ ბალაკლეას მიმართულებით ცდილობდნენ. სევერშჩინაში ოპერაცია ქალაქ ჩერნიგოვის დასაცავად ტარდება. ვოლინის ოლქის მიმართულებით, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, გარკვეულ ოპერატიულ ზონაში თავდაცვითი ზონის მომზადების ღონისძიებები მიმდინარეობს. გარდა ამისა, სანაპირო მიმართულებით, შავ ზღვაზე საზღვაო ნავსადგურების ბაზების დაცვა ხდება",– აცხადებენ გენშტაბში.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციითვე, ნიკოლაევის რეგიონში მტრის ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა ხელში ჩაიგდეს, სხვა რაიონებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები თავდაცვით ოპერაციას ახორციელებენ, რათა შეტევითი ოპერაციები, მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების მოქმედებები თავიდან აიცილონ.
„ამ დროისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების საავიაციო ტექნიკის დანაკარგებმა 88 თვითმფრინავი და ვერტმფრენი შეადგინა. მტრის ზოგიერთი მფრინავი, ვინც გადარჩა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა აიყვანეს. მათ სამედიცინო დახმარება მიიღეს და პუტინის რეჟიმის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ უკვე მტკიცებულებებს იძლევიან.
ისინი აცხადებენ, რომ მტერი ცდილობს შეტევის პოტენციალი არ დაკარგოს, მაგრამ ამ ვითარებაში მას შეიარაღებაში, ტექნიკასა და სამხედრო პერსონალში დიდი დანაკარგები აქვს. უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის გამო მტერი დემორალიზებულია. მათ უკიდურესად დაბალი მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვთ, არსებული რეალობის გაცნობიერების გამო” - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 24 თებერვალს უკრაინას ომი გამოუცხადა და მის ტერიტორიებზე ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. რუსული ჯარები ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით ბომბავენ და ანადგურებენ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ქალაქებს, დაბებს საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს და საბავშვო ბაღებს. ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული. უკრაინამ, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში გაგზავნა.




























