ეკონომისტები რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოზე ეკონომიკურ გავლენებს აფასებენ. როგორც მათი ნაწილი ამბობს, კონფლიქტის შედეგია ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება, ხოლო გლობალურად ნავთობზე ფასების ზრდა. მათივე თქმით, სამომავლოდ ეკონომიკური ეფექტი ბევრად დიდი იქნება.
ეკონომისტი გიორგი პაპავა აცხადებს, რომ ამ პროცესებში მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიცია სწორ მხარეს იყოს, რათა კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ქვეყანას პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
“ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ არავინ იცის, კონფლიქტი რით დასრულდება და რა შედეგს მოგვიტანს ჩვენ. თუ კონფლიქტი დასრულდა ისე რომ ჩვენ ყოველდღიურ შიშში ვიცხოვრეთ იმაზე ფიქრით, რომ რუსეთი შეიძლება შემოიჭრას, ეს ქვეყანაზე ყველაზე დიდი გავლენა იქნება. ფქვილს საიდან შემოვიტანთ ან ტურისტი საიდან ჩამოვა, ეს არ იქნება ჩვენი პრობლემა. თუ ეს კონფლიქტი ისე დასრულდა, რომ ბიზნესი შიშში იცხოვრებს, ის ორიენტირებული იქნება ხვალ რა შედეგი აჩვენოს და არა 5 წელიწადში როგორ განავითაროს თავისი ბიზნესი. ამ შემთხვევაში საერთოდ აზრს მოკლებულია იმაზე მსჯელობა თუ რა იქნება 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი.
ერთადერთი წამალი იმის, რომ ამ პროცესის დასრულების შემდეგ ნაკლები ზიანი მივიღოთ, არის ქვეყნის დეკლარირებულად მკაფიო პოზიცია თუ სად დგახარ, რას ემსახურები და რა პოზიცია გაქვს. საქართველოს ყველა მოქალაქე, ოპოზიციისა თუ მთავრობის წევრი დღეს უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ როცა კონფლიქტი დასრულდება, ჩვენ როგორც ქვეყანა ნათელ მხარეზე ვიდგეთ”, - ამბობს ეკონომისტი გიორგი პაპავა.




























