სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული ონის მუნიციპალიტეტის 2022–2023 წლებისა და 2024 წლის პირველი ექვსი თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ 2022 წელს, საახალწლო განათებების შესაძენად გადახდილი თანხა საქონლის საბაზრო ღირებულებას 170–265%-ით გადააჭარბა.
აუდიტის ინფორმაციით, შესყიდვების პროცესში მუნიციპალიტეტი ზოგჯერ ბაზრის კვლევის არასათანადო პრაქტიკას მიმართავდა. 106 შესყიდვის შემთხვევაში შესაბამისი კვლევა გათვალისწინებული იყო, თუმცა:
- 10 შესყიდვაზე კვლევა გაგზავნილია მხოლოდ ერთ კომპანიაზე;
- 7 შესყიდვაზე კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარმოჩენილა;
- 25 შესყიდვაზე ბაზრის კვლევა საერთოდ არ განხორციელებულა.
"არასათანადო ბაზრის კვლევის პირობებში განხორციელდა 4 მილიონ 297 ათასი ლარის სახელმწიფო შესყიდვები, რაც რისკს ქმნის ხელშეკრულებების საბაზრო ღირებულებაზე მაღალ ფასად გაფორმების. მაგალითად, 2022 წლის ნოემბერში ონის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი 12 ქალაქის ქუჩების საახალწლო განათების მონტაჟსა და დემონტაჟზე, სავარაუდო ღირებულებით 18.1 ათასი ლარი. კვლევა ბაზარზე არ ჩატარდა, ტენდერი წარიმართა უკონკურენტო გარემოში და ხელშეკრულება გაფორმდა მუნიციპალურ შპს-სთან. სამუშაოების ანაზღაურება 18.1 ათასი ლარი იყო, რომელშიც შესყიდული საქონლის ღირებულება მხოლოდ 11.4 ათასი ლარი შეადგენდა. დამატებითი აუდიტორული პროცედურებით დადგინდა, რომ კონკრეტულ კომპონენტებზე გადახდილი თანხა საბაზრო ღირებულებას 170–265%-ით აჭარბებდა. შედეგად, მუნიციპალიტეტმა კონკრეტული საქონლის შეძენისას მიმწოდებელ კომპანიას გადაუხადა საბაზრო ღირებულებაზე 7.3 ათასი ლარით მეტი თანხა, დარიცხვების გარეშე", - წერია ანგარიშში.
აუდიტის მიხედვით, 2024 წელს დაგეგმილი ელექტრო მიკროავტობუსის შესყიდვაც მსგავსი ხარვეზებით წარიმართა. ბაზრის კვლევა განხორციელდა მხოლოდ ერთ კომპანიაზე – შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბას“-ზე, რომელმაც ფასი 221.3 ათასი ლარი დააფიქსირა. ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიები არ იყვნენ, რის შედეგადაც ხელშეკრულება აღნიშნული ფასით გაფორმდა, რაც არასათანადო საბაზრო შესწავლის ნიშანი იყო.
აუდიტი ასევე ეხება 2020 წლის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს, რომლებიც გამარტივებული შესყიდვის წესით იქნა შესყიდული. შპს-ები „ჯეი ემ კომპანია“ და „ცოტნე“ სამუშაოებს ვერ ასრულებდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში. მათ მიწოდების ვადები 113 და 20 დღით გადაუწიათ, ხოლო საბოლოოდ სამუშაოები დასრულდა თავდაპირველი ვადის 220 და 244 დღის შემდეგ. აუდიტის მიხედვით, მიმწოდებლების გამოცდილება სამუშაოების შესასრულებლად არასაკმარისი იყო, მათ ქონებაზე გავრცელებული იყო საგადასახადო გირავნობა და ხელშეკრულებები დადგენილ ვადებში ვერ განხორციელდა.
აუდიტის დასკვნით, ამ პროცესების შედეგად მუნიციპალიტეტში არსებული შესყიდვები განხორციელდა საკმარისი კონკურენციის გარეშე, რაც მაღალ საფასურს და არაეფექტიან საბიუჯეტო ხარჯებს იწვევს.




























