მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონლაინ შოპინგ-მოლი Shopshop დეკემბრიდან აპლიკაციას ჩაუშვებს - ინვესტიცია ₾100 ათასია

618a3d2102a59
ვიქტორია მღებრიშვილი
10.11.21 10:15
1335
საქართველოში ერთი წლის წინ ამოქმედებული ონლაინ შოპინგ-მოლი Shopshop-ი დეკემბრიდან აპლიკაციას აამოქმედებს.

სტარტაპ-პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან თევზაძე BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ პანდემიამ ონლაინკომერციის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო და ონალაინსერვისებზე მოთხოვნა გაზარდა, რა დროსაც Shopshop-ი გამონაკლისი არ ყოფილა. ამან კი პლატფორმის დამფუძნებლებს, ვებგვერდის დახვეწისა და აპლიკაციის შექმნისკენ უბიძგა, რისთვისაც 100 000 ლარი დაიხარჯა.

„ჩვენთვის მობილური აპლიკაციის ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ახლაც, ვებგვერდზე ტრაფიკის 80% ტელეფონიდან გენერირდება. ჩვენი გეგმები გაყიდვების კუთხით, ძალიან ამბიციურია, შესაბამისად, აპლიკაცია და გაუმჯობესებული ვებგვერდი, ამის მიღწევას ხელს შეუწყობს.

დეკემბერში, ახალი წლის მოლოდინში, ჩვენს მომხმარებელს გავახარებთ და განახლებულ ვებგვერდს და აპლიკაციას დავახვედრებთ. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ცვლილება საქართველოში ონლაინ შოპინგს ძალიან კომფორტულს გახდის“, - ამბობს ქეთევან თევზაძე.



1 წლის წინ შექმნილი პლატფორმაზე ბრენდების რაოდენობა 90-მდე, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.

„ვფიქრობთ, პირველი ონლაინ შოპინგ მოლის კონცეფციას ვამართლებთ და საქართველოში ონლაინ სივრცეში ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, თავის მოვლის, აქსესუარების და სახლისთვის საჭირო ნივთების კატეგორიაში ყველაზე დიდი ასორტიმენტი გვაქვს.

ერთი წლის თავზე, ოქტომბრის მდგომარეობით, პლატფორმის გავლით თვიურად, დაახლოებით, 50 000 ლარის ღირებულების პროდუქტი იყიდება, ხოლო დარეგისტრირებული მომხმარებლის რაოდენობა 5 000-მდეა. ყველაზე დიდი მოთხოვნა ტანსაცმლის კატეგორიაზეა, კერძოდ, „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ბრენდებზე, ჩვენი მომხმარებლის ერთი-ერთი საყვარელი ბრენდი „მანგოა“, - აღნიშნავს ქეთევან თევზაძე.

აღსანიშნია, რომ Shopshop-ის შექმნისა და განვითარებისთვის დღემდე 500 000 ლარის ინვესტიციაა ჩადებული. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, თავდაპირველად, კომპანიის ხარჯებს დამფუძნებლები თავად აფინანსებდნენ, გარკვეული შედეგების მიღწევის შემდეგ კი SHOPSHOP-ის პოტენციალით ორი კერძო ინვესტორი დაინტერესდა. ვებგვერდის განახლებისა და ახალი აპლიკაციის ჩაშვების შემდეგ, კომპანია 2022 წლიდან განვითარების ახალი სტრატეგიის განხორციელებას გეგმავს.

„მომავალში ვიმედოვნებთ, მეტი პოტენციური ინვესტორი შემოგვიერთდება, რადგან ძალიან ამბიციური განვითარების გეგმა დავსახეთ, რაც კიდევ SHOPSHOP ინვესტიციას უფრო მიმზიდველს გახდის.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ შემდეგ წელს პლატფორმის გარდაქმნას უკვე ინტეგრირებულ ეკოსისტემაში ვგეგმავთ, სადაც შოპინგთან ერთად სხვადასხვა სერვისი გაერთიანდება. დღეს უკვე ცალსახად ჩანს, რომ მომხმარებლის პლატფორმაზე შენარჩუნებისთვის მხოლოდ ელკომერციის შეთავაზება საკმარისი აღარ არის, საჭიროა, ფართო სერვისების სპექტრის გაერთიანება ისე, რომ პროცესების სიმარტივე არ დაიკარგოს“, - ამბობს ქეთევან თევზაძე SHOPSHOP-ის განვითარების გეგმებზე საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები