მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OPEC-ის წარმოება შემცირდა – რა ღირს ნავთობი დღეს?

ნავთობი

ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, სპარსეთის ყურის ქვეყნებში ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი მარტში მკვეთრად დაეცა. OPEC-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ყველაზე მძიმე დარტყმა ერაყმა მიიღო, სადაც წარმოება 61%-ით შემცირდა და კორექციამ დღეში 1.6 მილიონი ბარელი შეადგინა. ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც მოპოვება, შესაბამისად, 53%-ით და 44%-ით შემცირდა. ორგანიზაციის საერთო მაჩვენებელი კი თვიურ ჭრილში 27%-ით არის შემცირებული, რაც კოვიდპანდემიის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დიდი ვარდნაა.

რეგიონის უმსხვილესმა მწარმოებელმა, საუდის არაბეთმა, მოპოვება 23%-ით შეამცირა. ქვეყანა ამჟამად აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენზეა დამოკიდებული, რათა ნედლეულის ექსპორტი სპარსეთის ყურის ნაცვლად წითელი ზღვის გავლით განახორციელოს. თუმცა აღნიშნული ინფრასტრუქტურა ირანის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, რამაც მისი გამტარუნარიანობა დღეში 700,000 ბარელით შეზღუდა.

პარალელურად, აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ ფლოტს ირანის პორტების სრული ბლოკირება უბრძანა. მიუხედავად იმისა, რომ ირანი ომის განმავლობაში ჰორმუზის სრუტის გამოყენებას ახერხებდა, ორშაბათიდან საზღვაო მიმოსვლა სრულად შეიზღუდა, რაც ამ სტატისტიკას კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს.

ექსპერტების პროგნოზით, სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოპოვების სრულად აღსადგენად მინიმუმ სამიდან ოთხ თვემდე პერიოდი დასჭირდებათ.

არსებული ვითარების ფონზე, ბირჟაზე ბარელი Brent-ის ფასი 98 დოლარს შეადგენს, ხოლო ამერიკული WTI დაახლოებით 97 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში საშუალოდ 12%-ით შემცირებული მაჩვენებელია, თუმცა წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობი მაინც 70%-ით არის გაძვირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები