OPEC-ის წევრ სახელმწიფოების შორის უთანხმოება გრძელდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, საკვანძო საკითხი ნავთობის მიწოდების მოცულობას უკავშირდება, რაზეც კარტელის წევრები ჯერაც დავობენ და არის იმის შანსი, რომ საკითხი 30 ნოემბრამდე, ანუ საბჭოს ოფიციალურ შეხვედრამდე ვერ მოგვარდეს.
როგორც ირკვევა, განხეთქილებას ორი დაპირისპირებული მხარე განაპირობებს, ერთ მხარეს არიან საუდის არაბეთი და რუსეთის ფედერაცია, მეორე მხარეს კი - ნიგერია და ანგოლა. არაბეთი მოითხოვს, რომ ნავთობის მიწოდება მომდევნო თვეების განმავლობაშიც არ გაიზარდოს და ენერგეტიკულ ბაზარზე ხელოვნური დეფიციტი შენარჩუნდეს, ნიგერია კი ამტკიცებს, რომ ამ პოლიტიკით აფრიკული სახელმწიფოები ზიანდებიან, რომელთაც ენერგორესურსები უძვირდებათ და თან ისინი თავიანთი პროდუქციის რეალიზებას სათანადოდ ვერ ახერხებენ.
წესით, OPEC-ის საბოლოო გადაწყვეტილება 30 ნოემბერს უნდა გახდეს ცნობილი, თუმცა არის იმის შანსი, რომ შეხვედრა კიდევ ერთხელ გადაიდოს ან მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიონ.