ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ (OPEC+) საერთაშორისო ბირჟისთვის ნავთობის მიწოდების უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციის ხელმძღვანელობის შეფასებით, ბაზარზე არსებული ვითარება იძლევა იმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე ნავთობის მოპოვება და მიწოდება არ შეიცვალოს.
გარდა ამისა, OPEC-ის დე ფაქტო ლიდერი, საუდის არაბეთი საერთაშორისო ბაზარს ნავთობის მიწოდებას წლის ბოლომდე არ გაუზრდის. უფრო მეტიც, ქვეყნის მთავრობა მიანიშნებს, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, დღიური წარმოება დამატებით შემცირდეს, რაც ბირჟაზე ნავთობის გაძვირებას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ ივნისში საუდის არაბეთმა ნედლი ნავთობის მიწოდება დღიურად 1.3 მილიონი ბარელით შეამცირა, რამაც ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა. ამ გადაწყვეტილებით ყველაზე დიდი სარგებელი სწორედ OPEC-ის წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციამ, რომელიც საუდის არაბეთის პოლიტიკური მოკავშირეა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გაძვირებული ენერგორესურსები ყველაზე ხელსაყრელი სწორედ საუდის არაბეთისთვისაა, რომელმაც გასულ წელს რეკორდული შემოსავლები მიიღო. სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-მ 2022 წელს 161 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.