მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიდი ენობრივი მოდელის, ChatGPT-ის შემოქმედი კომპანია OpenAI სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე ფართოვდება.
ამჯერად, სემ ოლტმენის კომპანიამ კონტრაქტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისგან მიიღო, რომელიც $200 მილიონის სანაცვლოდ დეპარტამენტის AI-ხელსაწყოებით აღჭურვას გულისხმობს. აღნიშნული შეთანხმება ერთწლიანია და ამ პერიოდში OpenAI მჭიდროდ ითანამშრომლებს თავდაცვის ტექნოლოგიებზე მომუშავე სტარტაპ Anduril-თან, რათა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის თანამედროვე AI-სისტემები შექმნას.
როგორც OpenAI-ის განცხადებაში ვგულისხმობთ, აღნიშნული შეთანხმება პირველია ახალი მიმართულებით, რომელსაც კომპანიაში OpenAI for Government-ის სახელით იცნობენ. ამ პროგრამის ფარგლებში, სემ ოლტმენის კომპანია აშშ-ის სამთავრობო უწყებებისთვის პერსონალიზებულ, კონკრეტულ დავალებებს მორგებულ AI-მოდელებს შექმნის, რომელთაც სხვადასხვა სამთავრობო დეპარტამენტები საჭიროებისამებრ გამოიყენებენ. უშუალოდ თავდაცვის დეპარტამენტის ჭრილში, საუბარია, როგორც ომის წარმოების, ასევე ადმინისტრაციაზე.
Microsoft-ის შვილობილი OpenAI-ისთვის ეს შეთანხმება აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე თვის წინ, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში Stargate-ის სახელით ცნობილი $500-მილიონიანი პროექტი წარმოადგინა, რომელიც OpenAI-ის, Oracle-ის და SoftBank-ის ჩართულობით ამერიკის შეერთებული შტატებში ახალი AI-ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს, რითაც ქვეყანაში 100,000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა არის პროგნოზირებული. Stargate-ის პირველი დატაცენტრების მშენებლობა ამერიკაში უკვე დაიწყო.