მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI-ის თანადამფუძნებელმა და მთავარმა მკლევარმა, რომელმაც კომპანია 2024 წლის მაისში, სემ ოლტმენთან უთანხმოების ფონზე დატოვა, ახალი კომპანია - Safe Superintelligence დააფუძნა. ილია სუცკევერის ახალი წამოწყება, როგორც სახელიდან ჩანს, ასევე ხელოვნურ ინტელექტთან არის დაკავშირებული - სფეროსთან, რომელშიც სუცკევერი ერთ-ერთი დომინანტია პლანეტაზე.
სუცკევერის ამ სიძლიერეს ყველაზე ნათლად ის ცხადყოფს, რომ გაშვებიდან რამდენიმე თვეში, SSI-მ მეორე საინვესტიციო რაუნდი დახურა, რომლის ფარგლებში, $5-მილიარდიანი შეფასებით, წამყვანი ვენჩურული ფონდებისგან $1-მილიარდიანი ინვესტიცია მოიზიდა. არადა, კომპანიაში სულ ათი ადამიანი მუშაობს. როგორც Safe Superintelligence-ში ამბობენ, კომპანიას ადამიანზე გაცილებით ჭკვიანი და განვითარებული, მაგრამ უსაფრთხო ხელოვნური ინტელექტის სისტემების შექმნა სურთ. ინვესტორებისგან მოზიდულ თანხას ილია სუცკევერი და კომპანია AI-ის შესაქმნელად საჭირო პროცესორების საყიდლად და ადამიანების დასაქირავებლად გამოიყენებენ.
ილია სუცკევერი ფართო საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა OpenAI-ში სემ ოლტმენის მმართველობის დასასრულებლად ერთგვარი რევოლუცია შედგა. იმ დროს, სემ ოლტმენის მოწინააღმდეგეთა ბანაკს სწორედ სუცკევერი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამბობდა, რომ ამერიკელმა ანტრეპრენიორმა ორგანიზაციის ფილოსოფიას გადაუხვია და პროექტი, რომლის დანიშნულება ხელოვნური ინტელექტის კვლევა იყო, ფულის საბეჭდ მანქანად გადააქცია. თუმცა, საბოლოო ჯამში, სუცკევერის აჯანყებამ ვერ გაამართლა და კომპანიაში დაბრუნებულმა სემ ოლტმენმა ის OpenAI-დან გაუშვა.