მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OpenAI-ის GPT-4.5 ინტელექტით ადამიანს გაუთანაბრდა

AI

როგორც ჩანს, OpenAI-ის უმძლავრესმა ნეირონულმა ქსელმა, რომელიც GPT-4.5-ის სახელითაა ცნობილი, ტურინგის ტესტი დაძლია, რაც ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის ეს მოდელი ინტელექტით ადამიანს გაუთანაბრდა.

ტურინგის ტესტის შედეგად ადამიანი ჩატის მეშვეობით ერთდროულად ელაპარაკება სხვა ადამიანს და კომპიუტერს და თუ ის ამ ორს შორის განსხვავებას ვერ პოულობს, ანუ თუ ვერ ხვდება, რომელი მოპასუხე არის ადამიანი და რომელი - კომპიუტერი, ესე იგი ხელოვნური ინტელექტი იმდენად დაიხვეწა, რომ საუბრის მანერით და ინტელექტით ადამიანს გაუთანაბრდა.

როგორც “კალიფორნიის უნივერსიტეტის” მეცნიერების მიერ მომზადებულ სამეცნიერო სტატიაში ვკითხულობთ, კვლევაში მონაწილე ადამიანებმა GPT-4.5 ადამიანად შემთხვევათა 73%-ში დაასახელეს, რაც თავისუფალ ალბათობაზე, ანუ 50%-ზე სტატისტიკურად გაცილებით მაღალი მაჩვენებელია და OpenAI-ის კომერციულად ხელმისაწვდომი ყველაზე მძლავრი მოდელის მაღალ ინტელექტზე მიუთითებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს კვლევა ჯერ არ გადაუმოწმებიათ სხვა მეცნიერებს, ასე რომ შედეგი, შესაძლოა, შეიცვალოს.

აღნიშნულ კვლევაში AI-მოდელები ორი მიდგომით გამოცადეს. ერთ შემთხვევაში, ChatGPT დამოუკიდებლად მოქმედებდა, მეორე მიდგომით კი დავალებული ჰქონდა, ინტერნეტის და კულტურის საკითხებში გარკვეული ახალგაზრდა ადამიანის როლი მოერგო. ამ დუოპოლიამ კვლევის შედეგებზე დიდი გავლენა მოახდინა, რადგან სტანდარტული GPT-4.5-ის მაჩვენებელი მხოლოდ 36% იყო, როცა ადამიანის როლის მორგების შემთხვევაში, მაჩვენებელმა 73% შეადგინა.

შესადარებლად, მეცნიერებმა ასევე გამოცადეს OpenAI-ის დღეს არსებული ძირითადი მოდელი GPT-4o, რომელსაც არაფერი ჰქონდა დავალებული. ამ AI-მოდელმა ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა, რადგან დამკვირვებლებმა მისი ნათქვამი შემთხვევათა მხოლოდ 21%-ში დაიჯერეს. ეს იმდენად ცუდი შედეგია, რომ მას 1966 წელს შექმნილმა ჩატბოტმა, ELIZA-მაც კი აჯობა.

აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად “ტურინგის ტესტზე”, რომელიც მისი შემქმნელის, გავლენიანი ბრიტანელი მეცნიერის, ალან ტურინგის სახელს ატარებს. ბრიტანელმა მეცნიერმა, რომელსაც ფართო აუდიტორია “იმიტაციის თამაშის” სახელით ცნობილი ფილმიდან იცნობს, ნაცისტური გერმანიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს გამოყენებული შიფრი გატეხა, რითაც ომის დასრულებაში კრიტიკული წვლილი შეიტანა.

აგრეთვე შეუფასებელია მისი კონტრიბუცია ჭკვიანი მანქანების და ზემოხსენებული ტესტის შექმნის მიმართულებით, რომელიც დღეს AI-ის კვლევის ოქროს სტანდარტად ითვლება. ალან ტურინგი ამბობდა, რომ თუ ადამიანი ვერ ხვდება, ადამიანს ელაპარაკება თუ კომპიუტერს, ესე იგი, კომპიუტერი იმდენად განვითარდა, რომ, მისი ინტელექტის გათანაბრება ადამიანთან შეიძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები