მსოფლიოს ყველაზე პოპულარული გენერაციული ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის შემქმნელმა OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი - ChatGPT-4o mini წარმოადგინა, რომელიც მისი ძირეული მოდელის, GPT-4o-ის უფრო სწრაფი და ეფექტიანი ვერსიაა და ის ყოველდღიური დავალებების შესასრულებლად შეიქმნა. როგორც OpenAI-ში ამბობენ, კომპანიას სურს, ხელოვნური ინტელექტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს და GPT-4o mini, რომელიც OpenAI-ის მცირე მოდელებში ყველაზე რენტაბელურია, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
როგორც თავად ChatGPT-4o ამბობს, ახალი მინი ვერსია ხელოვნური ინტელექტის უფრო მსუბუქი და ეფექტიანი მოდელია. “ChatGPT-4o mini ისეთნაირად არის შექმნილი, რომ ნაკლები რესურსის გამოყენების ფონზე უფრო სწრაფი იყოს და თან, სრული მოდელის ფუნქციონალი მაქსიმალურად შეინარჩუნოს. მოდელებს შორის მთავარი განსხვავებები შემცირებული კომპიუტერული სიმძლავრე და მეხსიერების დანახარჯია, რამაც, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს პასუხის ხარისხზე და სირთულეზე. მიუხედავად ამისა, მას სხვადასხვა დავალებების შესრულება და ბევრ თემაზე გამართულად საუბარი შეუძლია”, - განაცხადა ხელოვნურმა ინტელექტმა BMG-ის კითხვაზე.
ChatGPT, ტოკენებით იმართება, რომელთა ფასი იმ კომპიუტერული სიმძლავრის შესაბამისია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ამა თუ იმ დავალების შესასრულებლად იყენებს. წარმოიდგინეთ, რომ ტოკენი - პაზლის ნაწილია, რომელიც ტექსტის ნაწილს აღნიშნავს, ანუ სიტყვას ან ასოთა კომბინაციას. ამგვარად, ორი ტიპის ტოკენი არსებობს, ესენია შემავალი (ინგლ. Input) და გამომავალი (ინგლ. Output). შემავალი ტოკენი ის ინფორმაციაა, რომელსაც მომხმარებელი ხელოვნურ ინტელექტს აწვდის, ანუ კითხვა ან დავალება. გამომავალი ტოკენი კი ის ინფორმაციაა, რომელსაც ChatGPT დავალების საპასუხოდ აგენერირებს.
ახალი მოდელის ღირებულება ისეთნაირად განისაზღვრა, რომ ის OpenAI-ის მცირე მოდელებში ყველაზე რენტაბელური ყოფილიყო. GPT-4o mini-ის შემთხვევაში მილიონი შემავალი ტოკენი 15 ცენტი ღირს, მილიონი გამომავალი ტოკენის ფასი კი 60 ცენტია, რაც გაცილებით ნაკლებია ვიდრე სხვა მოდელებში. შედარებისთვის გეტყვით, რომ GPT-4o mini 60%-ით უფრო იაფი მოდელია, ვიდრე GPT-3.5 Turbo - თან, ის გაცილებით უფრო მძლავრიცაა. საინტერესოა, რომ გასულ ორ წელიწადში, ანუ მას შემდეგ, რაც OpenAI-მ text-davinci-003 წარმოადგინა, ტოკენის ღირებულებამ 99%-ით იკლო. როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს ის ტრაექტორიაა, რომლის მიხედვითაც OpenAI განვითარებას აგრძელებს.