ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია OpenAI ხელოვნური ინტელექტის ახალ მოდულზე მუშაობს, კოდური სახელით Strawberry - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი კომპანიის შიდა წყაროებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, OpenAI ცდილობს, წარმოადგინოს ისეთი AI მოდულები, რომლებსაც დამოუკიდებელი მსჯელობის უფრო გაუმჯობესებული უნარი ექნებათ.
Reuters-ი ინფორმაციას იმ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც სააგენტომ კომპანიისგან მაისში მოიპოვა, თუმცა ახალ მოდულზე მუშაობის ვადები და სხვა დეტალები უცნობია. ასევე არაა ცნობილი, როგორ გეგმავს OpenAI Strawberry-ის კვლევით პროცესებში გამოყენებას. წყარო მედიასთან განმარტავს, რომ მოდული Work in Progress ეტაპზეა და არ არის ცნობილი, როდის იქნება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.
Reuters-ის მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, Strawberry კომპანიას საშუალებას მისცემს, ხელოვნურმა ინტელექტმა არა მხოლოდ დააგენერიროს პასუხები ნებისმიერ კითხვაზე, არამედ ოპერაციები წინასწარ დაგეგმოს იმდენად, რომ ინტერნეტსივრცეში სრული ავტონომიით ისარგებლოს და სანდო, სრულმასშტაბიანი კვლევები დამოუკიდებლად ჩაატაროს.
“გვინდა, რომ ჩვენმა AI მოდელებმა უფრო მეტად დაინახონ და აღიქვან სამყარო, როგორც ჩვენ. ხანგრძლივი კვლევა AI შესაძლებლობების განსაზღვრისთვის ინდუსტრიაში გავრცელებული პრაქტიკაა, ისევე როგორც საერთო რწმენა, რომ თითოეული სისტემა მსჯელობის ნაწილში, დროსთან ერთად გაუმჯობესდება”, - ამბობს OpenAI-ის წარმომადგენელი Strawberry-ზე კითხვის საპასუხოდ.
მედიის ინფორმაციით, Strawberry-ზე მუშაობა წლის დასაწყისშიც მიმდინარეობდა, როდესაც კომპანიის თანამშრომლებმა Reuters-თან ახალი მოდელი აღწერეს როგორც AI ხელსაწყო, რომელსაც რთული საბუნებისმეტყველო და მათემატიკური ამოცანების ამოხსნა დამოუკიდებლად შეეძლება.