მსოფლიოს ყველაზე პოპულარული დიდი ენობრივი მოდელის, ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI საინტერესო გარიგებაში შევიდა, რომლის ფარგლებში დომენი chat.com შეიძინა. ამ დრომდე, ეს მისამართი HubSpot-ის დამფუძნებელს, დარმეშ შაჰს ეკუთვნოდა, რომელმაც ის 2023 წლის დასაწყისში, $15.5 მილიონად შეიძინა. როგორც "ანტრეპრენიორი" იმ დროს წერდა, დომენი იმ რწმენით შეიძინა, რომ ჩატზე დაფუძნებული სამომხმარებლო გამოცდილება ტექნოლოგიური განვითარების შემდეგი ეტაპი იქნებოდა, რადგან კომპიუტერებთან კომუნიკაცია, მისი შეფასებით, ადამიანებს მათთვის ბუნებრივი ფორმებით უფრო მისაღებია.
თუმცა, წმინდა ენთუზიასტურ მიზნებთან ერთად, დარმეშ შახის ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კომერციული სარგებლის მიღების მიზნითაც იყო მოტივირებული, რაც ანტრეპრენიორმა ნამდვილად მოახერხა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დომენი chat.com სემ ოლტმენის OpenAI-მ შეიძინა. გარიგების კონკრეტული თანხა არ გასაჯაროებულა, მაგრამ ვიცით, რომ დომენის სანაცვლოდ HubSpot-ის დამფუძნებელმა OpenAI-ის აქციები მიიღო. თუ სემ ოლტმენის ორგანიზაციის შეფასების სწრაფ ზრდას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუკი დარმეშ შაჰი აქციებს არ გაყიდის და შეინახავს, მომავალში გაცილებით დიდ ამონაგებს მიიღებს.
დომენი, რომელიც ინტერნეტის ქსოვილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელია, ინტერნეტისთვის დაახლოებით ის არის, რაც ჩვენი რეალობისთვის — ქუჩა. შესაბამისად, რაც უფრო მიმზიდველი მისამართი აქვს კომპანიას, მით უფრო დიდი შანსია, ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდეს და ეს ინტერნეტში არსებული ციფრული ბიზნესების შემთხვევაშიც ასეა. უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში 362.3 მილიონი დომენი არის რეგისტრირებული და ეს რაოდენობა ყოველთვის იზრდება. რაოდენობასთან ერთად, იზრდება დომენების ბაზრის ზომა, რომელმაც წელს $3.4 მილიარდი უნდა შეადგინოს.