ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა OpenAI-მ ეროვნული უსაფრთხოების მოდერნიზაციის საკითხებში უფროს მრჩევლად აშშ-ის არმიის ყოფილი მინისტრი დენ დრისკოლი დანიშნა.
კომპანიის განცხადებით, დრისკოლი ხელმძღვანელობას კონსულტაციას ეროვნული და კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხებში გაუწევს. პარალელურად კი ყოფილი მაღალჩინოსანი მოწინავე ტექნოლოგიების პრაქტიკული დანერგვის მიზნით გარე პარტნიორებთან ითანამშრომლებს.
OpenAI-ს განმარტებით, დრისკოლი სამთავრობო უწყებებთან, დარგობრივ ლიდერებთან და აკადემიურ წრეებთან იმ პრაქტიკული ინიციატივების განხორციელებაზე ითანამშრომლებს, რომლებსაც კომპანია „დემოკრატიულ ხელოვნურ ინტელექტს“ უწოდებს.
ამასთან, იგი OpenAI-ს შიდა გუნდებს გლობალური უსაფრთხოების ორგანიზაციების ოპერაციული საჭიროებების გააზრებაში დაეხმარება.
თავად დრისკოლის თქმით, იგი კომპანიას შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხარდასაჭერად უერთდება. მან აღნიშნა, რომ ეს ტექნოლოგია ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე მყოფი ადამიანების დასაცავად, მაღალი პასუხისმგებლობით უნდა იქნეს გამოყენებული.
ცნობისთვის, თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტთან რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, დრისკოლმა აშშ-ის არმიის მინისტრის თანამდებობა მიმდინარე წელს დატოვა. მანამდე იგი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალებით უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოსკოვსა და კიევთან გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.
























