მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OpenAI-მ შემოსავლებისა და მომხმარებელთა რაოდენობის მიზნობრივ მაჩვენებლებს ვერ მიაღწია - WSJ

OpenAI

ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე ამერიკულმა სტარტაპმა OpenAI-მ ChatGPT-ის ყოველკვირეული აქტიური მომხმარებლებისა და წლიური შემოსავლის შიდა გეგმები ვერ შეასრულა - ამის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად გამოცემა The Wall Street Journal-მა მოიპოვა.

როგორც ირკვევა, სტარტაპის ფინანსური მაჩვენებლები პროგნოზს ჩამორჩა, რამაც მონაცემთა ცენტრებზე გაწეული გიგანტური დანახარჯების მიზანშეწონილობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. როგორც ირკვევა, გასულ წელს ChatGPT-ის ზრდის ტემპი შენელდა და კომპანიამ ბაზრის წილი Google-სა და Anthropic-თან დათმო. ამასთან, ხელმძღვანელობა გამომწერთა გადინების მაღალ მაჩვენებელსა და კორპორაციულ სექტორში პოზიციების შესუსტებას ებრძვის.

WSJ-ს თანახმად, არსებული ვითარების მიუხედავად, სტარტაპის დამფუძნებელი, სემ ოლტმენი მონაცემთა ცენტრების სიმძლავრეების გაზრდას კვლავ პრიორიტეტად მიიჩნევს. კომპანიის ფინანსური დირექტორ, სარა ფრაიარი კი შიშობს, რომ შემოსავლების ნელი ზრდის პირობებში კომპანია გამოთვლითი კონტრაქტების საფასურის გადახდას ვერ შეძლებს. როგორც ირკვევა, კომპანიის დირექტორთა საბჭომ მონაცემთა ცენტრების შესახებ არსებული გარიგებები ბოლო თვეებში დეტალურად შეისწავლა. მაღალი ალბათობით, სწორედ ამან განაპირობა კომპანიის მიერ არაერთი ძვირად ღირებული პროექტის შეჩერება.

სარა ფრიარის შეფასებით, OpenAI საჯარო კომპანიისთვის დადგენილ მკაცრ საანგარიშგებო სტანდარტებს ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს. სემ ოლტმენი კი აქციების პირველადი განთავსების პროცესის დაჩქარებას ემხრობა და მიიჩნევს, რომ პროცესი წლის ბოლომდე უნდა ჩაიხუროს.

კომპანიაში არსებულ გამოწვევებს ემატება ილონ მასკის სასამართლო დავა და მენეჯმენტში საკადრო დეფიციტიც. როგორც WSJ წერს, ამჟამად სტარტაპში ვითარება სერიოზულადაა გართულებული და აღმასრულებელ რგოლში დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. იმის მიუხედავად, რომ სემ ოლტმენი და სარა ფრიარი საჯაროდ ყოველგვარ დაპირისპირებას უარყოფენ, გამოცემის სტატია ცხადყოფს, რომ რეალური მოცემულობა სრულიად განსხვავებულია და არსებობს უმაღლეს რგოლში ცვლილებების რისკებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები