მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპერაცია: როგორ შევასრულოთ 2025 წლის 6 თვის საბიუჯეტო საგადასახადო გეგმა გადაჭარბებით - გიორგი ხიშტოვანის ანალიზი

ხიშტოვანი

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის გადასახადების გეგმის შესრულებისთვის სავარაუდოდ, ხდება სამობილიზაციო რეჟიმის გამოცხადება და შემდეგ, დაჩქარებული წესით, კერძო ბიზნესის და სავარაუდოდ, სახელმწიფო კომპანიების გადასახადების გადახდისკენ „წახალისება“.

ის 6 თვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო გეგმის შესრულებაზე ანალიზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მიუთითებს, რომ სავარაუდოდ, საგადასახადო გეგმის შესრულება "სხვა გადასახადების" ხარჯზე, ამ გზით ხდება.

"ოპერაცია: როგორ შევასრულოთ 2025 წლის 6 თვის საბიუჯეტო საგადასახადო გეგმა გადაჭარბებით

იმისათვის, რომ საქართველოში 2025 წლის 6 თვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა შესრულებულიყო, წინა წლის 6 თვესთან შედარებით უნდა აკრეფილიყო ნომინალურად 6,4%-ით მეტი გადასახადი; ანუ ჯამში 12.2 მილიარდი ლარი უნდა შეგროვებულიყო. წელს 5 თვის შედეგების მიხედვით, ზრდა 4,7% იყო. ეს გარემოება დავალებას საკმაოდ ართულებდა.

ამ რთული დავალების შესასრულებლად, "ქართულმა ოცნებამ" სერიოზული ტრანსფერი განახორციელა და პარლამენტიდან საშემოსავლო სამსახურის უფროსად ბატონი ირაკლი ბერაია გადაისროლა.

მაგრამ როგორც ჩანს, სტრატეგია მხოლოდ შემსრულებლის შეცვლას გულისხმობდა; არსებული პრაქტიკა ანუ ტაქტიკური სქემა, რომელიც ე.წ. სხვა გადასახადების ხარჯზე გეგმის შესრულებას გულისხმობს, იგივე დარჩა. ახლა, კონკრეტულად როგორ წარიმართა პროცესი:

  • მაშინ როდესაც შარშან (როდესაც ბიუჯეტის საგადასახადო გეგმის შეუსრულებლობის რისკი არ იდგა), ივნისის ბოლო დღეს, სხვა გადასახადების მუხლში, 110 მილიონი ლარი იყო მობილიზებული (იხილეთ სურათი) და როდესაც, წლევანდელი საბიუჯეტო გეგმის მიხედვით, სხვა გადასახადების მუხლში, 6 თვეში მობილიზებული უნდა ყოფილიყო ჯამში 150 მილიონ ლარი,
  • წელს, 25 ივნისს, სხვა გადასახადების მუხლში უკვე მობილიზებული 228 მილიონი ლარი; ხოლო 30 ივნისს, ანუ, 6 თვის გეგმის შესრულების ბოლო დღეს, სხვა გადასახადების მუხლში მობილიზდა უკვე 361 მილიონი ლარი (ანუ, წინა წელთან შედარებით, 251 მილიონი ლარით მეტი ანუ დაფიქსირდა წინა წელთან შედარებით 226%-იანი ზრდა).

საბოლოოდ, 6 თვეში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები, წინა წლის 6 თვესთან შედარებით ნომინალში 7,4%-ით გაიზარდა და გეგმაც, 100,09%-ით შესრულდა (ყველას გილოცავთ! სამწუხაროდ, მეტი არ გამოვიდა და ჩემი აზრით, ეს უნდა ვაპატიოთ ახალ მენეჯმენტს; მაინც, პირველი გამოცდილება იყო და დარწმუნებული ვარ, 9 თვის გეგმის შესრულება უფრო გაუმარტივდებათ და შედეგებიც, უკეთესი იქნება).

ახლა ცოტა სერიოზულად - რაიმეს დაბეჯითებით მტკიცება ჭირს. მაგრამ როგორც ჩანს, ამ გეგმების შესრულების ვაი-პრაქტიკას ღრმა ფესვები აქვს გადგმული საქართველოს მმართველობის სისტემაში. სავარაუდოდ, ხდება სამობილიზაციო რეჟიმის გამოცხადება და შემდეგ, დაჩქარებული წესით, კერძო ბიზნესის და სავარაუდოდ, სახელმწიფო კომპანიების გადასახადების გადახდისკენ „წახალისება“. ამ მავნე პრაქტიკას სჭირდება თუნდაც ერთი კომპანია, რომელიც მასზე საჯაროდ ილაპარაკებს. სხვა შემთხვევაში, სულ ამ „5-წლიანი გეგმების 4 წელიწადში შესრულების“ რეჟიმში დავრჩებით.

ახლა, უფრო სერიოზულად: როგორც ჩანს, ვირტუალური ეკონომიკური ზრდის პირობებში, ბიუჯეტში, თუნდაც 6 თვის საგადასახადო გეგმის 100,09%-ით შესრულებისთვის, ქართულ ოცნებას სრული მობილიზება სჭირდება. ვფიქრობ, რომ სხვა გაუარესებული პარამეტრების პარალელურად, ის ფაქტი, რომ „ბიუჯეტში ფული აღარ არის“, პრინციპულად ახალი რეალობის წინაშე დააყენებს "ქართულ ოცნებას", შესაბამისად, მის პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებს", - წერს გიორგი ხიშტოვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები