ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მისვლას ითხოვს. საქმე ის არის, რომ დღეს საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც ითქვა, რომ საჭიროა მოწვეულ იქნას საგანგებო სესია, სადაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებენ.
"ჩვენ ვითხოვთ და მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოიწვიოს რიგგარეშე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა განსაზღვრული დღის წესრიგით და ეს დღის წესრიგი, ბუნებრივია, უნდა იყოს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რიგგარეშე სხდომამ აუცილებლად უნდა მიიღოს რეზოლუცია, რეალური რეზოლუცია, რომელიც მათ შორის, სანქციებზეც ისაუბრებს, რადგან რუსეთს სანქციებს უწესებს მთელი ცივილიზებული სამყარო,"-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.
თავის მხრივ, "ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, პარლამენტში პრემიერი მთავრობასთან ერთად უნდა მივიდეს.
მოგვიანებით, მიმართვას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თქვა, რომ საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ხელს მოაწერს.
„მიმაჩნია, რომ საჭიროა პარლამენტის სხდომის გამართვა, ან უშიშროების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში შეკრება“, - თქვა პრეზიდენტმა.
Bm.ge დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამ დრომდე ამბობენ, რომ არ იციან, პრეზიდენტმა მოაწერა თუ არა ხელი მოთხოვნას.
რაც შეეხება პარლამენტში პრემიერის მისვლის მოთხოვნას, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.




























