უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, დიპლომატ ვანო მაჭავარიანის აზრით, ქართული ოპოზიცია „მადიარის ძებნაში“ უნდა იყოს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში”’ განაცხადა, სადაც ინტერვიუს თემა იყო უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიის გამარჯვების ფორმულის განხილვა, კერძოდ, პეტერ მადიარის მაგალითზე ქართულ ოპოზიციაში არსებულ კრიზისის ანალიზი. ვანო მაჭავარიანს მიაჩნია, რომ გამოსავალი არა ძველი ლიდერების ირგვლივ კონცენტრირებაში, არამედ ახალი ლიდერის ან კომპეტენტურ ლიდერთა ჯგუფების მხარდაჭერაშია. "ნურავინ მიწყენს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი - დღევანდელი ლიდერები უნდა იქცნენ ახალი ლიდერის ან ლიდერთა ჯგუფის მხარდამჭერებად", - ამბობს ვანო მაჭავარიანი.
ინტერვიუ ვანო მაჭავარიანთან
- ოპოზიციაზე საუბარი ძალიან მიჭირს, რადგან, ფაქტობრივად, მიუხედავად ერთობლივი განცხადებებისა თუ ერთ ოთახში ჯდომისა, ისინი იმდენად დაქსაქსულები არიან; არ ჩანს ახალი ტიპის ლიდერი, ისეთი, როგორიც უნგრეთში, სწორედ ორბანის გარემოცვიდან, სულ რაღაც ორ წელიწადში გამოჩნდა პეტერ მადიარის სახით და რომელმაც რეალურად სისტემა უნდა შეცვალოს. სინამდვილეში, ეს ადამიანი [მადიარი] აქტიურობას საერთოდ არ აპირებდა, სანამ კორუფციის და თავაღებულობის გამო, რაც გარშემო ხდებოდა, მისი მოთმინება ბოლო წვეთამდე არ მივიდა. აღმოჩნდა, რომ მან [პეტერ მადიარმა] უნგრელი ხალხის განწყობა ზუსტად გამოიცნო. მან კამპანია აწარმოვა ზუსტად იმავე პირობებში, რაც საქართველოშია - ყველა ტელევიზია დაბლოკილი ჰქონდა... საქართველოში ამ თვალსაზრისით უკეთესი მდგომარეობაა, რადგან ჯერ კიდევ არსებობენ ოპოზიციური ტელევიზიები... პეტერ მადიარმა აჩვენა მოქმედებისა და აქტიურობის გამოსხივება. წარმოიდგინეთ, ყველა რეგიონი (გარდა იმ დიდი ქალაქებისა, რომლებიც ისედაც ოპოზიციას უჭერდნენ მხარს), რომელიც აქამდე ორბანის დასაყრდენი იყო, ფაქტობრივად, მადიარის მხარეს გადავიდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ის საუბრობდა კონკრეტულ სოციალურ-ეკონომიკურ და კორუფციულ პრობლემებზე, რომლებსაც არა მხოლოდ ანალიზი, არამედ ქმედითი ნაბიჯები სჭირდებოდა. ამას მოჰყვა ევროპული ინტეგრაციის იდეის დაბრუნებაც. აღმოჩნდა, რომ ორივე თემა უმნიშვნელოვანესია და არა მხოლოდ კოსმოპოლიტური საკითხები - „გარე სამყაროსთან ჩვენ კარგად ვართ, თქვენ კი ცუდად ხართ“. ვფიქრობ, აქ ბევრი საინტერესო ნიუანსია, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ სწორად უნდა გაიაზროს...
- ბოლო დღეებში კრიტიკის მთავარი ადრესატი სწორედ ქართული ოპოზიციაა, არადა პროდასავლურმა პარტიებმა ოპოზიციური ალიანსის შექმნით ერთიანობა აჩვენეს... ნაწილი რეგიონებშიც დადის... რა აკლია ქართულ ოპოზიციას?
- მთავარი პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციის ლიდერებმა, ფაქტობრივად, ყველა არჩევნები წააგეს. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მხარდამჭერებმა მათ უზარმაზარი რესურსი მისცეს. 2024 წელს ისინი გვარწმუნებდნენ, რომ არჩევნები მოგებულია და ხმები დაცულია. პირადად მე, რამდენჯერმე მომიწია ეთერში მათ ლიდერებთან ერთად ჯდომა, რომლებიც მეუბნებოდნენ: „რატომ ამძაფრებ სიტუაციას, რატომ შემოგაქვს პესიმიზმიო?“... საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ეს რესურსი, რომელიც მათ ოპოზიციურმა ამომრჩეველმა მისცა - ამომრჩეველმა, რომელსაც ყელში აქვს ამოსული „ქართული ოცნების“ მმართველობის მახინჯი ფორმა, კორუფცია, ის, რომ რამდენიმე მინისტრი ციხეშია და თითქმის ყოველი მეორე პრემიერ-მინისტრი კორუფციაშია ბრალდებული ან ეჭვმიტანილი, ოპოზიციამ ვერ გამოიყენა, პრობლემა სწორედ აქ არის - პეტერ მადიარისგან განსხვავებით, რომელმაც უნგრეთში უზარმაზარი მხარდაჭერა მიიღო. წარმოიდგინეთ, ხალხის 67% მივიდა არჩევნებზე და მან 55% მოიპოვა იმ მახინჯ საარჩევნო სისტემაში, რომელიც ისე იყო აგებული, რომ გამარჯვება წარმოუდგენელი ჩანდა. ქართულმა ოპოზიციამ ვერ დაალაგა სტრატეგია, თუ როგორ მოიპოვოს ხალხის ნდობა და მხარდაჭერა. ნურავინ მიწყენს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი: დღევანდელი ლიდერები უნდა იქცნენ ახალი ლიდერის ან ლიდერთა ჯგუფის მხარდამჭერებად.
- თქვენი აზრით, დღეს ქართულ ოპოზიციაში მადიარის "როლის" შემსრულებელი არ ჩანს?
- არა, არ ჩანს... სწორედ ამაშია პრობლემის გააზრების არსი. რეალურად, ხვალვე რომ მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ეჭვი მეპარება, უკეთესი შედეგი აჩვენონ, რადგან შიგნით უამრავი ნეგატიური პროცესი მიმდინარეობს: უუნარობა, მიკერძოება და „ქართული ოცნების“ მიერ მართული შიდა დინებები. ნუ გგონიათ, რომ ოპოზიციაში არ არიან ჩანერგილი ადამიანები, რომლებიც პროცესებს ხელისუფლებისთვის სასურველი მიმართულებით მართავენ. ეს პოლიციური სისტემისა და ამ ტიპის მმართველობის თანამდევი პროცესია. ამიტომ, მოკლედ რომ გიპასუხოთ - ისინი „მადიარის ძებნაში“ უნდა იყვნენ. უნდა ეძებონ ის ადამიანები, რომლებიც ხალხს სწორად ელაპარაკებიან, არ არიან რადიკალიზებულები (მათ შორის „ოცნების“ ამომრჩევლის თვალშიც), არ არიან კოსმოპოლიტები და არ არიან იმაზე მეტად ლიბერალები, ვიდრე ამას დღევანდელი საზოგადოება მიიღებს. ჩემი აზრით, ქართველი ამომრჩეველი წლებია კონსერვატიულ ფასეულობებზეა ორიენტირებული; მას სურს ევროკავშირში სწორედ ქართული იდენტობით შესვლა. მე მქონდა შეხება ამ პროცესებთან და ეს მიდგომა მანამ მუშაობდა, სანამ პოლიტიკური ლიდერები უცბად „ქართული ოცნების“ თამაშში არ ჩაებნენ და ყველა შეთავაზებული ბრძოლა არ წააგეს. ამიტომ გამოსავალი მადიარის მსგავსი პოლიტიკური ლიდერისა და გუნდის ძებნაში...
- ვინ უნდა მოძებნოს ახალი ლიდერი ოპოზიციაში? როგორ შეიძლება, პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდეს ახალი ლიდერი? ოპოზიციას არ ვიცავ, მაგრამ მაგალითად, ბოლო დღეებში მხვდებოდა პოლიტიკოსების კომენტარები, რომ უნგრეთში ორბანის ავტორიტარიზმის მიუხედავად, ტროტუარზე დგომისთვის ხალხს არ აპატიმრებენ და ა.შ. ამდენად, რა უფრო რეალისტურია - არსებული წრიდან იშვას ლიდერი თუ კვლავ რაღაც ბაზალეთის ტბაში, „ოქროს აკვნის“ ძიებაში ვიყოთ?
- იცით, მდგომარეობა გამოუვალი არ არის, ყველაფერი გადალახვადია... ზუსტად იგივე პრობლემები ჰქონდა პეტერ მადიარსაც. მან მთელი კამპანია სოფელ-სოფელ სიარულზე, ხალხთან უბრალო ენით საუბარზე ააგო და არა - ძვირად ღირებულ ტანსაცმელსა თუ რთულ ტერმინოლოგიაზე. ის აქტიურად იყენებდა YouTube-არხებსა და ინტერნეტს, რადგან ყველა ტელევიზია მისთვის დახურული იყო. არავის ეგონოს, რომ მასზე ზეწოლა არ ხორციელდებოდა, მაგრამ მას ხალხის უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა. თანაც, ამომრჩეველი ისე ფრთხილობდა, რომ ბოლო დღემდე არავინ იცოდა, ვინ გაიმარჯვებდა. საბოლოოდ, ბოლო დღე აღმოჩნდა გადამწყვეტი. ამას სჭირდება, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ჭკვიანი და საზრიანი იყო. თუ აქამდე ნაცადმა მეთოდებმა არ იმუშავა, ე.ი. საჭიროა, მადიარის მსგავსი ახალი ფენომენი და ის მხარდაჭერა, რომელიც მან სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, ინფრასტრუქტურისგან და მედიისგან მიიღო. მათ გააცნობიერეს, რომ ამ ადამიანის გარეშე სისტემას ვერ დაამარცხებდნენ და საბოლოოდ ქვეყანაც და თავადაც უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. ვფიქრობ, აქედან სწორი დასკვნები უნდა გამოიტანონ და საკუთარ თავზე ნუ ჩაიციკლებიან. პირდაპირ გეუბნებით - ასე ვერაფერს მოიგებთ. გჭირდებათ ახალი ლიდერთა ჯგუფი, რომელსაც თქვენს გამოცდილებას, ცოდნასა და მხარდაჭერას შესთავაზებთ. გამოსავალი შიდა წრეში ნუ გეგულებათ - არჩევნები ვერ მოიგეთ. საჭიროა, ხალხიდან წამოსული, კომპეტენტური ადამიანები, ლიდერები.




























