მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოპოზიციამ 172 კანონპროექტი წარმოადგინა, აქედან 157 - გაჩერებულია" - რომან გოცირიძე

პარლამენტი

14 ნოემბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე რომან გოცირიძე სიტყვით გამოვიდა, მისი თქმით, პარლამენტი ოპოზიციის კანონპროექტებს ბლოკავს.

"სამწუხაროდ, ორი დღის წინ აღმოვაჩინე, რომ ჩვენი კანონპროექტი, რომელიც სამი თვით იყო გადავადებული, კვლავ ორი თვით გადავადდა, ჩვენ შემოვიტანეთ რეზოლუციის პროექტი იმის შესახებ, თუ როგორ არღვევს პარლამენტი კონსტიტუციას და როგორ ბლოკავს ოპოზიციის კანონპროექტებს, ეს რეზოლუცია სასწრაფოდ უნდა გავიდეს და ნუ შეაფერხებთ. 172 კანონპროექტი წარმოადგინა ოპოზიციამ და აქედან 157 გაჩერებულია", - დასძინა მან.

ამასთან, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გაკეთდა ანალიზი, რომელი კანონპროექტების განხილვა დაიწყო პარლამენტმა და რომლების - არა.

"ბოლო პერიოდში რაღაც კანონპროექტები გავიდა, თუმცა, გავაკეთეთ ანალიზი, რომელი კანონპროექტების განხილვა დაიწყო და რომლების - არა: კანონპროექტი, რომელიც ეხება რუსეთს, არის გაჭედილი და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ შავი საქმის მკეთებელი არის ანრი ოხანაშვილი, რომელსაც იურიდიულ კომიტეტში 32 კანონპროექტი აქვს გაჭედილი. როდესაც მივლინებით ჰოლანდიაში ვიყავით, აღმოჩნდა, რომ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენის მორატორიუმის 2 წლით გამოცხადებას ეხებოდა, კვლავ ორი თვით გადაიდო. მინდა ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ როდესაც ევროოპტიმისტებმა ეს პროექტი დავარეგისტრირეთ, უკრაინაში აგრესიის შემდეგ რუსეთს საქართველოში მხოლოდ 8000 ბინა ჰქონდა ნაყიდი, დღეს ეს რიცხვი 13 000-ია", - განმარტა მან.

ამასთან, რომან გოცირიძე მეორე გადავადებულ კანონპროექტზეც საუბრობს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის საინვესტიციო ბინადრობის უფლების შეზღუდვას ეხებოდა.

"თქვენ მეორე კანონპროექტიც გადაავადეთ, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის საინვესტიციო ბინადრობის უფლების შეზღუდვას ეხებოდა, ასე არის ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. რატომ არ იხილავთ ამ კანონპროექტს? იმიტომ, რომ არ გინდათ, მოქალაქეებს კომიტეტისა დ პარლამენტის ტრიბუნიდან სიმართლე მოასმენინოთ. შეწყვიტეთ კონსტიტუციის დარღვევა და სასწრაფოდ გამოიტანეთ რეზოლუცია", - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები