მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოპოზიციის კანონპროექტები ვარდება, მაგრამ ხელისუფლებას ქმედებისკენ უბიძგებს - რომან გოცირიძე

გოცირიძე

დღეს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ევრო ოპტიმისტების რეზოლუციას განიხილავს, რომელსაც თან ახლავს, პარლამენტში მყოფი ყველა ოპოზიციური ჯგუფის ხელმოწერა.

რეზოლუციაში წერია, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანონპროექტებს პარლამენტი არ განიხილავს კომიტეტების ფარგლებშიც კი. რეზოლუციის თანაავტორი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ კანონპროექტების განხილვას არსებითი მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ცხადია, მას "ქართული ოცნება" ჩააგდებს. მისი თქმით, ოპოზიციის კანონპროექტები აცოცხლებს საზოგადოებრივ აზრს და ამავე დროს ხელისუფლებას ქმედებისკენ უბიძგებს.

"რეზოლუცია ინიცირებულია პარლამენტში არსებული ყველა ოპოზიციური ჯგუფის მიერ, ამის აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციას არღვევს. შეიძლება ისე დამთავრდეს ჩვენი 4-წლიანი საპარლამენტო ციკლი, რომ 81 კანონპროექტი დარჩეს განხილვის გარეშე. "ევრო ოპტიმისტებმა" ჩავატარეთ საკმაოდ ვრცელი კვლევა ამასთან დაკავშირებით, რომლის შინაარსიც შემდეგია, რომ ჩვენ ვგმობთ არსებულ პრაქტიკას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეცვალოს ის. არის შემთხვევები, როცა კანონპროექტები წარმოდგენილია 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ზოგიერთი კანონი გადავადებულია 6-7-ჯერ ერთი კანონპროექტი 80-დან 11-ჯერ გადავადდა. ჩვენი, ევროოპტიმისტების 8 კანონიდან 7 არ არის განხილული. იმ ერთის განხილვისთვის დიდი ბრძოლა დამჭირდა, მაგრამ შემდეგ პლენარულმა ჩააგდო. შეიძლება ვინმემ იკითხოს, რა აზრი აქვს კანონპროექტების განხილვას, იმ პირობებშიც როცა წინასწარ ვიცით, რომ მმართველი პარტია აუცილებლად ჩააგდებს? სინამდვილეში აქვს აზრი, ჩემი კანონპროექტი "მაუწყებლის შესახებ" უმრავლესობამ ჩააგდო, მაგრამ შემდეგ მისი ფაქტობრივი ასლი მიიღო. ანუ, როცა საზოგადოებრივი აზრი მომწიფდება უმრავლესობა იძულებულია მიიღოს ის, თუნდაც საკუთარი ინიცირებული.

ოპოზიციის კანონპროექტები აცოცხლებს საზოგადოებრივ აზრს და ამავე დროს ხელისუფლებას უბიძგებს ქმედებისკენ. ამიტომ, განწყობა, რა აზრი აქვს კანონპროექტის განხილვას, თუ კი უმრავლესობა მას არ მიიღებს, არასწორია. კანონპროექტის მომზადების პროცესში მომზადებული იყო 72 კანონპროექტი, საიდანაც 56 არ იყო განხილული კომიტეტებზე. დღეისთვის, 81 კანონპროექტია ინიცირებული და 72 არ გასულა კომიტეტზე", - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, 81 კანონპროექტს შორის არ მოიაზრება პაკეტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები