Nvidia და Corning-ი სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ, რომლის ფარგლებშიც აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ტეხასის შტატებში, ოპტიკური ტექნოლოგიების სამი მაღალტექნოლოგიური ქარხანა აშენდება. პროექტი Nvidia-ს ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის საჭირო კომპონენტების წარმოებას მოემსახურება და მინიმუმ 3 000 სამუშაო ადგილს შექმნის.
გარიგების შედეგად, Corning-ის ოპტიკური წარმოების სიმძლავრე აშშ-ში ათჯერ გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ Nvidia-მ მიიღო უფლება, Corning-ში $3.2 მილიარდის ინვესტიცია განახორციელოს, რაც 15 მილიონი აქციის $180-იან ფასად გამოსყიდვის ოფციონსაც მოიცავს.
ახალი ქარხნების მშენებლობა Nvidia-ს სტრატეგიულ გეგმას უკავშირდება, რომელიც სპილენძის კაბელების ოპტიკური ბოჭკოთი ჩანაცვლებას გულისხმობს. ტექნოლოგია, რომელიც co-packaged optics-ის სახელითაა ცნობილი, მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს მნიშვნელოვნად ზრდის და ენერგიის მოხმარებას 20-ჯერ ამცირებს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, ოპტიკური ტექნოლოგიები ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის საფუძველია, სადაც ინფორმაცია სინათლის სიჩქარით გადაადგილდება. როგორც ირკვევა, Vera Rubin-ის სისტემებში არსებული 5 000 სპილენძის კაბელი სწორედ Corning-ის წარმოებული მინის ბოჭკოთი ჩანაცვლდება.
ცნობისთვის, 175-წლიანი ისტორიის მქონე Corning-ი მსოფლიოში ცნობილია iPhone-ებისთვის განკუთვნილი მინის წარმოებით, თუმცა დღეს მისი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულება ოპტიკური კომუნიკაციებია. კომპანიამ ოპტიკური ბოჭკო ჯერ კიდევ 1970 წელს გამოიგონა, რაც თანამედროვე გლობალური საკომუნიკაციო სისტემების განვითარების წინაპირობად იქცა.




























