Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის ივნისის თვის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის დასაწყისიდან 28 ივნისის მდგომარეობით, ნავთობის ფასი 12.32%-ით გაიზარდა, ოქროს - 12.8%-ით, ბუნებრივი აირის კი 15.9%-ით. ამასთან, ხორბლის შემთხვევაში ფასის 16.1%-იანი კლება ფიქსირდება.
რაც შეეხება თვის ჭრილში ტენდენციას, მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის ივნისში ოქროს ფასი სტაბილური იყო და ივნისი თითქმის უცვლელად - ერთ უნციაზე 2 327 დოლარიანი ღირებულებით დახურა.
ივნისში სპილენძის ფასი თვიურად 4.6%-ით შემცირდა, ტონაზე 9 456 დოლარამდე. გაზაფხულზე დაფიქსირებული რეკორდული 11 000 დოლარიანი ნიშნულის შემდეგ, რაც ტრეიდერების სპეკულაციის შედეგი იყო, ფასი შედარებით დასტაბილურდა.
რაც შეეხება ხორბალს, 2024 წლის ივნისში ფასი თვიურად 6.4%-ით შემცირდა და ტონაზე 220 დოლარს გაუტოლდა. მიუხედავად კლებისა, გლობალურად მიწოდების მოლოდინი კვლავ პესიმისტურია.
2024 წლის ივნისში ნავთობის ფასი თვიურად 5.9%-ით გაიზარდა, 86.4 დოლარამდე ბარელზე, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ალბათობა იყო.
ივნისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 5.3%-ით შემცირდა და მვტ.სთ-ზე 36.2 დოლარი შეადგინა.