მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქრო, კრიპტო, ნავთობი და ხორბალი — რა ხდება გლობალურ ბირჟებზე?

ბირჟა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას გლობალური სასაქონლო ბირჟა არაერთგვაროვნად შეხვდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა საპრეზიდენტო არჩევნებმა ოქროს ფასზე იქონია. თუკი არჩევნების წინა დღეს, ოქრო $2,745-ად ივაჭრებოდა, რაც ფაქტობრივად ისტორიული მაქსიმუმი იყო, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, ოქროს ფასმა 7%-ით იკლო და უნციაზე $2,560 შეადგინა. მას შემდეგ, ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება.

ამჯერად უნცია მეტალი $2,655-ად ივაჭრება, რაც ერთწლიან პერიოდში 34%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვერცხლი, რომელიც ოქროს მსგავსი ღირებულების შემნახველი აქტივია, წლიურად 39%-ითაა გაზრდილი. ოქროს და ვერცხლის ბოლოდროინდელი გაძვირება მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ რისკებს უკავშირდება. ეს მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, რა დროსაც ისინი თავს ზემოხსენებულ აქტივებს აფარებენ. ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის ასევე არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ძვირფასი მეტალები რეზერვების შესავსებად სჭირდებათ.

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ განსაკუთრებით დიდი გავლენა კრიპტობირჟაზე იქონია. არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის თავზე, ინდუსტრიის ჯამურმა საბაზრო კაპიტალიზაციამ თითქმის 60%-ით იმატა და $3.5 ტრილიონს გადააჭარბა. ეს ზრდა, დიდწილად, ბიტკოინის რეკორდულ გაძვირებას უკავშირდება, რომელმაც, ამ პერიოდში, ახალი ისტორიული შედეგი — მონეტაზე $105,000 დააფიქსირა. დღეს, ბიტკოინის ფასი $100,000-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია $1.9 ტრილიონს აღემატება. ბიტკოინთან ერთად, ერთთვიან პერიოდში მკვეთრადაა გაძვირებული სხვა კრიპტოვალუტებიც.

რეალურ და ციფრულ ოქროსთან ერთად, აუცილებლად უნდა მიმოვიხილოთ შავი ოქრო, ანუ ნავთობი, რომელიც ჯერაც რჩება გლობალური გეოპოლიტიკის ერთ-ერთ განმსაზღვრელ რესურსად. საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. დღეს, ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 1.5%-ითაა გაზრდილი. ბარელი Brent-ი $72-ად ივაჭრება, როცა WTI-ის ფასი $68-ის ფარგლებში მერყეობს. რუსული ურალსი შედარებით იაფია და ბარელზე $66-ის ფარგლებში ივაჭრება. თუკი დასავლური ნავთობი ბოლო ერთ წელიწადში მცირედით არის შემცირებული, რუსული ნავთობის ფასმა 24%-ით იმატა. ნავთობის გაძვირება OPEC-ის წევრი სახელმწიფოების მიერ მიწოდების ხელოვნურ შემცირებას, რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციას და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების ზრდას უკავშირდება.

ნავთობთან ერთად, ძირითად საბირჟო საქონელს შორის ხშირად ვხვდებით ხორბალს, რომლისგანაც ერთ-ერთი კრიტიკული პროდუქტი — პური მზადდება. ბოლო პერიოდში, საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი ეცემა. გასული ერთი წლის განმავლობაში, ბუშელი ხორბლის ღირებულებამ დამატებით 4%-ით იკლო და $5.4 შეადგინა, რაც ერთწლიან პერიოდში თითქმის 14%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ფასის კლების მიზეზი მსოფლიოში მიღებული რეკორდული მოსავალია. მაღალი მოსავალი, როგორც ცნობილია, მიწოდებას ზრდის, ანუ პროდუქტს ნაკლებად უნიკალურად აქცევს, რაც ფასის ვარდნას იწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები