მონროვიელი ბიჭის, ჯორჯ ვეას დიდი გზა სწორედ ლიბერიის პრემიერ ლიგაში დაიწყო და ასაკობრივ დონეზე თავიდანვე გამოირჩეოდა თანაგუნდელებისგან. ის მალევე საცხოვრებლად უფრო განვითარებულ კამერუნში გადავიდა, სადაც მისი შესაძლებლობები კამერუნის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა კლოდ ლე როიმ შენიშნა, რომლის გაფორმებაც იმ დროს "მონაკოს" მწვრთნელ, არსენ ვენგერს ურჩია.
ტრანსფერი 12 ათასი ევრო დაჯდა და ჯორჯის პროგრესიც აშკარა იყო. 1989 წელს აფრიკის კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, "მონაკო" თასების მფლობელთა თასის ფინალში გაიყვანა, საფრანგეთის თასი მოიგო და ფაქტობრივად, მთელი ლიბერია მისი წარმატებით ცხოვრობდა.
მისმა ათლეტურობამ, ფიზიკურმა ძალამ და სიჩქარემ მსოფლიო გრანდების ყურადღება მიიქცია, ამიტომ თავდაპირველად "პსჟ"-ში გადავიდა, სადაც ყველა ეროვნული ჯილდო მოიპოვა და აფრიკის კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელად კიდევ ერთხელ დაასახელეს, ხოლო ამის შემდეგ მისი კარიერა მწვერვალზე უკვე "მილანში" ავიდა.
ამ პერიოდში ფიფაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ევროპელი ფეხბურთელების გარდა სხვა კონტინენტის მოთამაშეებსაც მიეღოთ ოქროს ბურთი. შესაბამისად, გოლების რაოდენობითა და ნაჩვენები შედეგების გამო მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ჯერჯერობით პირველ და უკანასკნელ აფრიკელ და ამავდროულად შავკანიან ოქროს ბურთის გამარჯვებულად სწორედ ვეა აირჩია.
ამის შემდეგ მას დიდი ზეწოლის გადატანა მოუწია, რადგან ევროპული პრესა რასისტული სათაურებით იყო აჭრელებული. “ოქროს ბურთი შავმა მოიგო”, “ვეამ ოქროს ბურთი უნდა გაყიდოს, რათა აფრიკელებს საჭმელი აჭამოს” ასეთ ციტატებს შეხვდებოდით ევროპულ პრესაში და ჯორჯი მათ თავისი განსაკუთრებული სათამაშო სტილითა და შედეგებით უპირისპირდებოდა. ასეთი ინციდენტებისა და მისი სულგრძელური თვისებების გამო 1996 წელს ვეას ფიფამ Fair Play-ის ჯილდოც გადასცა.
საბოლოოდ ლიბერიელმა კარიერა 37 წლის ასაკში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულა, რის შემდეგაც პოლიტიკაში წავიდა.
ვეა სპორტული კარიერის პარალელურად დიდი ჰუმანიტარი და იუნისეფის გლობალური ელჩიც იყო, რომლის ფარგლებშიც ავრცელებდა ცნობებს HIV ინფექციის შესახებ, ფინანსურად ეხმარებოდა ომისგან დაჩაჩანაკებულ ლიბერიას და ფსიქიკა შერყეული ბავშვებისთვის რეაბილიტაციის ცენტრები გახსნა. ლიბერიის საფეხბურთო ნაკრების ხარჯებსაც სწორედ ის იხდიდა, რომელშიც ძირითადად, სავარჯიშო მოედნის მშენებლობის, მოთამაშეთა ხელფასების, მგზავრობისა და ეკიპირების გადასახადები იყო გათვალისწინებული, რაც მთლიანობაში ორ მილიონ დოლარამდე ჯდებოდა. ქვეყანა კრიმინალების ხელში იყო და მისი გავლენიდან თუ კრიმინალურ რეჟიმთან უთანამშრომლობიდან გამომდინარე, გადაწყვიტა ქვეყნის სათავეში მოსულიყო და კენჭი ეყარა საპრეზიდენტო არჩევნებში.
ამ დროს ქვეყნის 85% დაუსაქმებელი იყო და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დევნილები შეადგენდნენ. ის ეროვნული კონგრესის პარტიის დამაარსებელი გახდა და ხალხს განუცხადა, რომ არ იყო საჭირო პოლიტიკური გამოცდილება მათთვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ის საზოგადოებას ელექტროფიკაციას, გზების დაგებასა და განათლებას დაჰპირდა. რეალურად ყოფილ ფეხბურთელს ხალხის სიყვარული ჰქონდა თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში მეტოქედ ელენ ჯონსონი ჰყავდა, რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, ხოლო ვეას სასკოლო პროგრამაც კი არ ჰქონდა ბოლომდე მიყვანილი.
განათლების არ ქონამ მოსახლეობაზე თავისი გავლენა მოახდინა და 2005 წელს 41% 59%-ის წინააღმდეგ ვეამ არჩევნები წააგო. ჯორჯის ამომრჩევლებმა ხმაურიანი საპროტესტო აქციები წამოიწყეს, თუმცა საერთაშორისო სადამკვირვებლო კომისიამ არჩევნების შედეგები და ხმის მიცემის პროცედურა სამართლიანად ცნო.
ვეა მიხვდა, რომ ხალხის გულწრფელი სიყვარულის გარდა ისინი საკუთარ განათლებაშიც უნდა დაერწმუნებინა, რის გამოც არჩევნების შემდგომ მაიამიში გაემგზავრა და დევრაის უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების დიპლომი აიღო.
ის აგრძელებდა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში მოღვაწეობას და ჩართული იყო სხვადასხვა ჰუმანიტარულ საქმიანობაში განსაკუთრებით კი ქვეყნის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს უჭერდა მხარს და მთლიანად საკუთარ თავზე ჰქონდა მათი დაფინანსება აღებული. 2011 წელს კიდევ ერთი არჩევნები ჩატარდა, სადაც ორ რაუნდიან დაპირისპირებაში მისი კანდიდატურა კვლავ წარუმატებლობამ მოიცვა, თუმცა გასულ არჩევნებთან შედარებით ჯორჯის მხარდამჭერების რაოდენობა საგრძნობლად იყო მომატებული.
2017 წელს საბოლოოდ ვეამ მიაღწია საწადელს და 62%-ით ლიბერიას ჩაუდგა სათავეში. ინაუგურაციისას საკუთარ ხალხს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ეკონომიკური რეფორმების გატარებასა და კერძო სექტორისადმი ხელშეწყობას დაჰპირდა.
ლეგენდარულმა ლიბერიელმა დანაპირები ნაწილობრივ აასრულა, მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქვეყნის ინფრასტრუქტურა, ააშენა სკოლები, ინვესტიციები ჩადო განათლების სისტემაში, დააგო გზები, ებრძოდა კორუფციასაც, რომელიც ლიბერიაში მძვინვარებდა. ხელფასი მოიკლო 25%-ით და იგივე გააკეთა სხვა პარლამენტარების შემთხვევაშიც, რათა ინფლაცია შედარებით დაესტაბილურებინა. ამის მიუხედავად მისი ეკონომიკური პოლიტიკა სათანადო სიმაღლეზე მაინც ვერ იდგა, რადგან ეკონომიკურ ზრდას აფერხებდა გარე შოკები, შიდა არასწორი მენეჯმენტი და როგორც აღმოჩნდა არასაკმარისი ინვესტიციები ძირითად სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და მრეწველობა, რამაც ეკონომიკის სტაგნაციას ხელი ასევე შეუწყო.
ვეას საპრეზიდენტო მმართველობა გასულ წელს დასრულდა და მას შერეულად აფასებენ პოლიტიკის ექსპერტები, რადგან ერთის მხრივ მან ქვეყანა შედარებით გამართა წელში, თუმცა მისი მცდელობები საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ ლიბერია განვითარებად ქვეყნად ჩამოყალიბებულიყო.
ლიბერია კვლავ იბრძვის ფუნდამენტური პრობლემების წინააღმდეგ, როგორიც არის სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა, რომლის მოგვარებაც უკვე ჯორჯის ძველი მეტოქისა და ახალი პრეზიდენტის, ჯოზეფ ბოკაის პრეროგატივაა. ინაუგურაციის შემდგომ მან ვეას მიჰბაძა და საკუთარი ხელფასი 13 ათასი დოლარიდან 8 ათას დოლარამდე შეამცირა, რითაც ხაზი გაუსვა ეკონომიკური რეფორმების გატარების პრიორიტეტს.
ახლა ლიბერიელ ხალხს ბოკაის იმედი აქვს, რომელმაც ვეას დაწყებული საქმე დასასრულისკენ უნდა წაიყვანოს, ხოლო ჯორჯის მისამართით ლიბერიელ ხალხს მადლობის გარდა არაფერი ეთქმის, რომელმაც საკუთარი პატრიოტიზმით ქვეყანა უდაბლესი წერტილიდან ამოიყვანა.