ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია გრძელდება - კვირის განმავლობაში ოქროს ფასი 1.5%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ღირებულებამ 3,871 დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ისტორიულ შედეგს წარმოადგენს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ოქრო 45%-ით არის გაძვირებული, ხოლო ბოლო ერთ თვეში მატება 10%-ს აღწევს.
აღმასვლის მკვეთრი დინამიკა ფიქსირდება ვერცხლთან მიმართებითაც, რომელიც ერთ კვირაში 6%-ით არის გაძვირებული და კილოგრამის ფასი 1,520 დოლარს აღწევს.
თუკი ერთწლიან პერიოდს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ვერცხლის ფასი 50%-ით არის გაზრდილი და ის ამჟამად 15-წლიან მაქსიმუმს უახლოვდება.
ოქროსა და ვერცხლის გაძვირება მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური რისკების ზრდით არის განპირობებული, განსაკუთრებით კონფლიქტების ესკალაციის და რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის უშედეგოდ წარმართვის ფონზე.
ამასთან, FED-ის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირებამ დოლარზე ზეწოლა და ოქროზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც მისი რეკორდულად გაძვირება გამოიწვია. გარდა ამისა, ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ წელს ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას დამატებით 50 საბაზისო პუნქტით შეამსუბუქებს, ეს კი დოლარის მიმართ ინტერესს ამცირებს და ძვირფასი მეტალების მიმართ ზრდის.




























