ოქროს მკვეთრი გაძვირების ფონზე ქართულ ბაზარზე მომხმარებლებს სამკაულის შეძენა სულ უფრო მეტად უჭირთ. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში ონლაინ მაღაზია „ნიელოს“ დამფუძნებელმა ნინო ჩიხელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჩვეულებრივ, ოქროს ფასის ზრდა მოთხოვნასაც ზრდის, თუმცა ამჯერად ბაზარზე განსხვავებული ტენდენცია შეინიშნება და მომხმარებლების აქტიურობა განსაკუთრებულად არ გაზრდილა.
„ზოგადად, როცა ოქროს ფასი იმატებს, მოთხოვნაც მატულობს ხოლმე, თუმცა ახლა ასეთი აქტიურობა არ შეინიშნება. პირიქით, იმდენად არის გაძვირებული ოქრო, რომ ქართულ ბაზარზე მომხმარებლებს მისი შეძენა უჭირთ. რა თქმა უნდა, გაყიდვები გაიზარდა იმ პერიოდთან შედარებით, როცა პრაქტიკულად გაჩერებული იყო, მაგრამ მაინც რთულია“, - ამბობს ჩიხელიძე.
მისივე განმარტებით, მომხმარებლების ქცევაც შეიცვალა და ბაზარზე ძირითადად ორი ტიპის მყიდველი დარჩა.
„მომხმარებლები თითქოს იმედგაცრუებულებიც არიან. დღეს ძირითადად ორი კატეგორიაა - ან ძალიან ძვირიანი სამკაულის შეძენა სურთ, ან მინიმალურ ფასში ეძებენ ნივთებს, თუმცა ხშირად იმ ფასადაც კი ვერ ახერხებენ ყიდვას. საშუალო მომხმარებელი თითქმის აღარ გვყავს“, – აღნიშნავს ის.
ჩიხელიძის ინფორმაციით, პანდემიის შემდეგ ბაზარზე პროგნოზი მნიშვნელოვნად შემცირდა და მიმდინარე წელი განსაკუთრებით განსხვავებული აღმოჩნდა.
„ადრე ბაზარზე შედარებით სტაბილური სიტუაცია იყო და შეგეძლო წინასწარ გეწინასწარმეტყველა, რა პერიოდში რა შეიძლებოდა მომხდარიყო. პანდემიის შემდეგ ყველაფერი ნელ-ნელა იცვლება, ხოლო წელს განსაკუთრებით სხვა რეალობის წინაშე ვართ“, - ამბობს „ნიელოს“ დამფუძნებელი.
მისი შეფასებით, ოქროს გაძვირება ბიზნესის მარჟაზეც აისახა და პროდუქციის გაყიდვა მნიშვნელოვნად გართულდა.
„თუ ადრე, მაგალითად, პროდუქტს 200 ლარად ყიდულობდი და 250–300 ლარად ყიდდი, ახლა იგივე ნივთი შეიძლება 400 ლარი დაგიჯდეს, მაგრამ 450 ლარად გაყიდვაც კი რთულია. დღევანდელი რეალობა ის არის, რომ მომხმარებელი ხარჯებს ვეღარ წვდება“, – აცხადებს ნინო ჩიხელიძე.




























