მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს გაძვირების ფონზე, სექტემბრიდან ფასების 3-5%-იანი ზრდა მოგვიწევს - ზარაფხანა

ზარაფხანა

გლობალურად ოქროზე ფასის ზრდის ფონზე, ოქროს ნაკეთობების გაძვირება ადგილობრივ ბაზარზეცაა მოსალოდნელი.

როგორც საიუველირო სახლ „ზარაფხანაში“ BMG-ის განუცხადეს, ბოლო პერიოდში კომპანიას შესასყიდი ოქროს ფასი ერთ გრამზე თითქმის 60 ლარით გაეზარდა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ამ დრომდე „ზარაფხანა“ პროდუქციაზე ფასების ზრდისგან თავს იკავებდა, თუმცა ხარჯების მნიშვნელოვნად ზრდის ფონზე, სექტემბრიდან ოქროს ნაკეთობებზე ფასების 3-5%-ის ფარგლებში დაკორექტირება იგეგმება.

„ოქროს ფასმა მკვეთრი ზრდა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ჩვენ მაშინ ბაზარს ვაკვირდებოდით და ფასებს არ ვზრდიდით. თუმცა ახლა ოქროს ღირებულება უკვე ისეთ მაღალ ნიშნულზეა, რომ ფასების შენარჩუნების პოლიტიკას ვეღარ გავაგრძელებთ. შარშან ოქროს ნაკეთობების საწარმოებლად საჭირო სუფთა ოქროს დაახლოებით 160 ლარად ვყიდულობდით, დღე კი ფასი 218 ლარამდეა გაზრდილი. 1 გრამზე 58 ლარიანი ზრდა საწარმოსთვის ძალიან დიდი დარტყმაა. მთელი ეს პერიოდი ჩვენ მარჟის შემცირების ხარჯზე ვინარჩუნებდით ფასს, რათა ჩვენი მომხმარებელი არ დაზარალებულიყო. მაგრამ ამის გაგრძელება კომპანიას აღარ შეუძლია და ზუსტად იმ მოცულობით გვექნება ფასების ზრდა, რაც ხარჯების დასაბალანსებლად გვჭირდება. პირველადი შეფასებით, გაძვირება 5-6%-იანი იქნება, შესაძლოა უფრო ნაკლები 3-4%-იც იყოს. ეს თანხაში ოქროს ნაკეთობებზე საშუალოდ 100-დან 150 ლარამდეა. ესაა ის თანხაა, რომელიც კომპანიას მიმდინარე ხარჯების დასაფარად სჭირდება, როგორიცაა თანამშრომლების ხელფასები, ამით მოგების მარჟის ზრდა არ მოხდება“, - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ.

ცნობისთვის, საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი მზარდია და ბოლო ერთ თვეში 1 უნცია ოქროს ღირებულება თითქმის 3%-ითაა გაზრდილი, ხოლო წლიურ ჭრილში 23%-ით. ამ დროისთვის ერთი უნცია ოქროს ღირებულება 2 390 დოლარის ფარგლებშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები