მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ოქროს ყიდულობენ, თუმცა მომხმარებელთა აქტივობა წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია“ – ექსპერტი

ოქრო

ქართულ ბაზარზე ოქროს სამკაულის მიმართ მოთხოვნა სრულად არ შეწყვეტილა, თუმცა მომხმარებელთა აქტივობა წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია. ამის შესახებ BM.GE-სთან ოქროს ექსპერტმა გულიკო მორჩილაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმ მასშტაბის მოთხოვნა აღარ არის, როგორიც ადრე იყო, თუმცა მომხმარებლები ოქროს სამკაულის შეძენას მაინც აგრძელებენ.

„ის რაოდენობა, რაც ადრე იძენდნენ, რა თქმა უნდა აღარ არის, მაგრამ არც ისეა, რომ ხალხი [ოქროს] საერთოდ აღარ ყიდულობდეს. მაინც ყიდულობენ“, – ამბობს მორჩილაძე.

ექსპერტის შეფასებით, ოქროს ფასის მიმდინარე მერყეობა მოკლევადიან პერიოდში ბაზარზე მოთხოვნაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. მისივე თქმით, მარტში, დედის დღესთან და 8 მარტთან დაკავშირებით, ბაზარზე აქტივობა იყო, თუმცა ისიც გასულ პერიოდებთან შედარებით დაბალი აღმოჩნდა.

„მარტის თვეში დედის დღესთან და 8 მარტთან დაკავშირებით ისეთი აქტივობა არ იყო, მაგრამ მაინც ნორმალური იყო. შეიძლება ისეთი მუშაობა არ არის, როგორიც ადრე, თუმცა გარკვეული აქტივობა მაინც იყო“, – აღნიშნავს ექსპერტი.

მორჩილაძე ვარაუდობს, რომ თუ ოქროს ფასი შემცირდება, ბაზარზე მოთხოვნაც გაიზრდება.

ცნობისთვის, საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ძვირფასი ლითონების ბაზარზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება – კვირის განმავლობაში ოქრო 4.5%-ით, ხოლო ვერცხლი 7%-ით გაუფასურდა.

ამ დროისთვის უნცია ოქროს ფასი დაახლოებით 5,095 დოლარს, ხოლო ვერცხლის ფასი 83 დოლარს შეადგენს. ექსპერტების შეფასებით, ბაზარზე არსებული ვოლატილობა სავაჭრო პოზიციების მკვეთრ ზრდასთან არის დაკავშირებული, რასაც, თავის მხრივ, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომი განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები