ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, რომელ ქვეყანასთან როგორი ურთიერთობა ექნება. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჰერჩინსკიმ ევროკავშირის მხრიდან არსებულ მხარდაჭერაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს რთული პერიოდი დასრულდება.
„დაახლოებით ორი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ვნახე ქანდაკება „ქართლის დედა“, რომელსაც ერთ ხელში ხმალი უჭირავს, ხოლო მეორეში ღვინის თასი. როგორც ამიხსნეს, ხმალი მტრებისთვისაა, ღვინო კი მეგობრებისთვის. საქართველოს გადასაწყვეტია ის, თუ ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი. ჩვენ საქართველოს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში სრულად ვართ და გვსურს, რომ საქართველო იყოს ძალიან წარმატებული ქვეყანა. ამჟამად ჩვენი ურთიერთობა რთულ პერიოდს გადის. ოქტომბერში არჩევნები გაიმართება, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს რთული პერიოდი დასრულდება, საღი აზრი გაიმარჯვებს. საქართველომ და ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა. ჩვენი მხრივ, საკითხი ძალიან ნათელია, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ გელოდებით“,- აღნიშნა ელჩმა.