მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ბარელი ნავთობის საპროგნოზო ფასი გაზრდილია

634736afa3d97
ეგნატე შამუგია
13.10.22 12:40
2028
ნავთობის ბაზარზე განუსაზღვრელობა ნარჩუნდება, რომლის უმთავრესი მიზეზი 24 თებერვალს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და შედეგად, მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომია. კერძოდ, განუსაზღვრელობა მიწოდების მხარეს უკავშირდება: საშუალო და გრძელვადიან პერიოდში როგორი ეფექტი ექნება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ნავთობის წარმოებაზე და რა გადაწყვეტილება მიიღებს ნავთობის ექსპორტიორთა ქვეყნების კავშირი. ამგვარმა გარემოებამ ნავთობის ბაზარზე მდგომარეობა მკვეთრად შეცვლა და მომავლის პროგნოზი გაართულა. ბაზარზე მიწოდების შეფერხების მოლოდინით, ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს ბარელზე ფასმა 100.0 აშშ დოლარს გადააჭარბა. მარტის პირველ პერიოდში ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი 130.0 დოლარსაც აღწევდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ფასები შედარებით შემცირებულია.
 
სწორედ მაღალი განუსაზღვრელობის პირობებში, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ ოქტომბერში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 94.0 აშშ დოლარითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია. ჯერ კიდევ სექტემბერში მიმდინარე თვის საპროგნოზო საშუალო ფასი ბარელზე 99.0 აშშ დოლარი იყო. წინა პერიოდებთან შედარებით ნავთობის ფასების საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირებულია. თავის მხრივ, საპროგნოზო მაჩვენებლების შემცირება მარაგების დინამიკას უკავშირდებოდა. მიმდინარე წლის ბოლოსთვის ნავთობის მარაგების ზრდა მოსალოდნელი, რომელიც 2019 წლის მაჩვენებელს ჩამორჩება. გარდა ამისა, ფასები კლება მოთხოვნის მხარესაც უკავშირდება. კერძოდ, მაღალი ინფლაციის გამო ძირითადი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რეცესიულ რისკებს ზრდას, რამაც ნავთობზე მოთხოვნის კლების მოლოდინი შექმნა. ეს კი ფასებზე კლების კუთხით აისახება.

ფიგურა 1: გლობალურად საწვავის მოხმარების და ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი, თვეების მიხედვით
წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია

მართალია, წინა პერიოდის პროგნოზებთან შედარებით ოქტომბრის საშუალო ფასი შემცირებულა, მაგრამ აღნიშნული სექტემბერში ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობი საშუალო ფასს 4.2 აშშ დოლარით აღემატება. ამის მიზეზი კი ნავთობის ექსპორტიორთა ქვეყნების კავშირის ბოლო გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ნავთობის მთლიანი წარმოება ნოემბრიდან დღეში 2.0 მლნ ბარელით შემცირდება.

სექტემბერში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ღირებულებამ ბარელზე 89.8 აშშ დოლარი შეადგინა, რაც აგვისტოს ფასს ბარელზე 10.7 აშშ დოლარით ჩამორჩება. აღნიშნული კლება რეზერვების ზრდას უკავშირდება, რამაც ჯერ კიდევ აგვისტოში 2019 წლის დეკემბრის ნიშნულს მიაღწია. უშუალოდ წინა პერიოდის პროგნოზთან შედარებით სექტემბერში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 10.2 დოლარით ნაკლები იყო. ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ბარელზე ფასი საშუალოდ 100.0 აშშ დოლარით იყო პროგნოზირებული. ამდენად, ბოლო ორი თვეა ნავთობის ფასები შედარებით დაბალია, რადგან ივლისში ბარელზე საშუალო ფასი 111.9 აშშ დოლარი იყო, ხოლო ივნისში კი - 122.7 აშშ დოლარი. ივნისში კი შედარებით მაღალი ფასები ევროკავშირის მიერ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის მკვეთრი შემცირების დაანონსებას და შანხაისა და პეკინში კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირდებოდა.

გასულ თვეს ბრენტის ტიპის ბარელ ნავთობზე დაფიქსირებული საშუალო ფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20.5%-ით მეტია. აღნიშნული აბსოლუტურ გამოხატულებაში 15.3 აშშ დოლარს შეადგენს, რადგან 2021 წლის სექტემბერში ნავთობის საშუალო ფასი 74.5 აშშ დოლარი იყო. ამავე წლის აგვისტოში ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ღირებულება საშუალოდ 70.8 დოლარი იყო, რაც მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 100.5 დოლარს აღწევდა. შესაბამისად, აგვისტოში ნავთობის საშუალო ფასის წლიური ზრდა შედარებით მეტი, 42.0% იყო. საშუალოვადიან პერიოდში ნავთობის ფასის შედარებით დაბალი ნიშნულია მოსალოდნელი. წლის მეოთხე კვარტლისთვის ბარელზე საშუალოდ 93.0 აშშ დოლარია პროგნოზირებული. წინა თვის პროგნოზით, მეოთხე კვარტალი საშუალოდ 98.0 დოლარით იყო ნავარაუდევი.

ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის შეფასებით, მიმდინარე წლის სექტემბერში ნავთობპროდუქტების საშუალო დღიურმა მოხმარებამ 99.8 მლნ ბარელი შეადგინა, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 0.5 მლნ ბარელით ჩამორჩება, ხოლო აგვისტოს საშუალო დღიურ მოხმარებაზე 0.4 ბარელით მეტია. გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, სექტემბერში საშუალო დღიური მოხმარება 0.5 მლნ ბარელით მეტია. აღნიშნულ პანდემიის პირველი წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 6.2 მლნ ბარელით აღემატება, რადგან 2020 წლის სექტემბერში საშუალო დღიური მოხმარება 93.6 მლნ ბარელი იყო.

მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის საწვავის საშუალოდ დღიური მოხმარება 99.6 მლნ ბარელითაა ნავარაუდევი, რაც წინა საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 0.2 მლნ ბარელით ნაკლებია. კვარტალურ ჭრილშიც კლებაა, რადგან წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში საშუალო დღიური მოხმარება 0.1 მლნ ბარელით ნაკლები, 100.9 მლნ ბარელია მოსალოდნელი. აღნიშნული 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს დღეში საშუალოდ 0.4 მლნ ბარელით აღემატება, ხოლო პანდემიის პირველი წლის დონეს კი - 6.5 მლნ ბარელით.

ნავთობის ბაზრის მდგომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონულ ჭრილში, რადგან რეგიონის ქვეყნების დიდი ნაწილი ნავთობის წმინდა ექსპორტიორები არიან, რომელთა ეკონომიკაში ამ ინდუსტრიის წილი საკმაოდ მაღალია. მეორე მხრივ, ეს მდგომარეობა რეგიონის ნავთობიმპორტიორებზეც აისახება. კერძოდ, საქონელი და მომსახურების სავაჭრო არხით, რადგან რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობაა. აქედან გამომდინარე, ნავთობის ბაზარს და განსაკუთრებით სამეზობლოს ნავთობექსპორტირების მდგომარეობას საქართველოზე მკაფიო გავლენა გააჩნია. ამგვარი გავლენა უპირველეს ყოვლისა საქართველოს ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს - რუსეთს და აზერბაიჯანს უკავშირდება.

მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში აზერბაიჯანის ნავთობის წარმოების მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 0.66 მლნ ბარელის ოდენობითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის პროგნოზთან შედარებით უცვლელია. მომდევნო წლის პირველი კვარტლისთვის აზერბაიჯანის საშუალო მოპოვების საპროგნოზო მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 0.65 მლნ ბარელია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ომის დაწყებამდე არსებულ პროგნოზებთან შედარებით აზერბაიჯანის მოპოვების საპროგნოზო მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა. თუმცა, ომის შემდეგ გაიზარდა ნავთობის ფასი, რაც აზერბაიჯანის მიერ გაზრდილი შემოსავლების მიღებაში აისახება.

რაც შეეხება რუსეთს - ის რიგით მესამე უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა, რომლის დღიური წარმოება მესამე კვარტალში საშუალოდ 10.92 მლნ ბარელი იყო. ხოლო, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში დღიური წარმოება 10.73 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 0.14 მლნ ბარელით ჩამორჩება. მიუხედავად რუსულ ნავთობზე გამოცხადებულ ემბარგოსი, აღნიშნულმა აზიაში ახალი ბაზრები იპოვა. შედეგად, გაზრდილი ფასების პირობებში შემოსავლებიც გაიზარდა. თუმცა, მომდევნო წლიდან მდგომარეობს შეცვლის მოლოდინია, რადგან 2023 წლის პირველ კვარტალში ბარელზე ფასი შედარებით ნაკლები, 93.3 აშშ დოლარია მოსალოდნელი, ხოლო რუსეთის საშუალო დღიური წარმოება 9.41 მლნ ბარელი, რაც მეორე კვარტლისთვის უფრო ნაკლებით, 9.30 მლნ ბარელით არის პროგნოზირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები